ვიქტორ ორბანის განცხადებით, ჯერ საჭიროა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულება და შემდეგ აღმოსავლეთით გაფართოებაზე მუშაობა
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ჯერ საჭიროა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულება და შემდეგ აღმოსავლეთით გაფართოებაზე მუშაობა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ჯერ საჭიროა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულება და შემდეგ აღმოსავლეთით გაფართოებაზე მუშაობა. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტისას, სერბთა რესპუბლიკის ლიდერთან, მილორად დოდიკთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირის შიგნით ბევრი პრობლემაა, თუმცა დღეს ამაზე უკეთესი სტრუქტურა არ არსებობს. ორბანის თქმით, ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ. „ჩვენ ათწლეულები დავკარგეთ“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის ლიდერის თქმით, აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოების აკვიატებულმა ოცნებამ ბოსნია-ჰერცეგოვინა უკანა პლანზე გადაწია. როგორც ორბანმა განაცხადა, უნგრეთის პოზიციაა, რომ რესურსები უნდა კონცენტრირდეს ევროკავშირში ბალკანეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებაზე და შემდეგ უკვე ევროკავშირმა უნდა იმუშაოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, რაც, ორბანის აზრით, უფრო რთული საკითხია.

ამასთან, მილორად დოდიკმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სერბთა რესპუბლიკის ორდენი გადასცა. გასულ წელს ანალოგიური ჯილდო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიიღო.