მონტენეგროს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მოხარული ვართ საქართველოს პროგრესით, გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მიღებას
მონტენეგროს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მოხარული ვართ საქართველოს პროგრესით, გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მიღებას

მოხარული ვართ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით, გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ მონტენეგროს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ივან ვუკოვიჩმა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისი კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

„მონტენეგრო ევროკავშირთან მოლაპარაკებებში 2020 წლიდან არის ჩართული და მოიაზრება, რომ მოწინავეა გაფართოების მოლაპარაკებებში. მოწადინებული ვართ, რომ მეგობრებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს. მოხარული ვართ ამ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესით და გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მიღებას. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც გვექნება ურთიერთობა და კომუნიკაცია, რადგან მზად ვართ, გაგიზიაროთ ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ათწლეულების განმავლობაში. ეს კარგი საშუალებაა, ჩვენი პრაქტიკიდან ისწავლოთ, ასევე თავიდან აირიდოთ ის შეცდომები, რომლებიც ჩვენ ამ პროცესში დავუშვით. გვჯერა, რომ როგორც ამ რეგიონის, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის მომავალი ევროკავშირშია და უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პრაქტიკული გზითაც.

როდესაც საქმე გაფართოების პროცესს ეხება, საყურადღებოა ორი ასპექტი. ერთია ტექნიკური ნაწილი, თავები, კლასტერები და ჩვენ ამის შესახებ ბევრი ვიცით. ამ კუთხით, შეგვიძლია, ექსპერტული ცოდნა გაგიზიაროთ, რომ პროცედურებთან დაკავშირებული პროცესი ბევრად სწრაფად გაიაროთ, ვიდრე ეს ჩვენ შევძელით ან თუნდაც ახლაც გავდივართ.

ასევე, ვისაუბრეთ და განვიხილეთ პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენთვისაა განსაზღვრული. დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში ეს არის კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ჩემმა ალბანელმა კოლეგამ აღნიშნა, პოზიტიურად გაოცებულები ვიყავით იმის გაგებით, რომ ძირითადად პოზიტიურია საზოგადოების აღქმა, როდესაც საქმე მართლმსაჯულების რეფორმას ან ასევე საჯარო ადმინისტრირების შესაძლებლობებს ეხება.

ასე რომ, პროცესი ცალმხრივი არაა, ჩვენ შეგვიძლია თქვენგანაც ვისწავლოთ და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღევანდელი შესაძლებლობა ძალიან ღირებული და გამოსადეგია. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. ევროკავშირი, შესაძლოა, აღთქმული მიწა არ არის, მაგრამ ის არის სერიოზული, სანდო დასაყრდენი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ჩვენს ქვეყნებს, გახდნენ უკეთესი და საზოგადოება გახდეს უფრო ბედნიერი“, – განაცხადა მონტენეგროს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.