იტალიის ელჩი - როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე, ვფიქრობ, კულტურული განათლება საზოგადოების განვითარების ალტერნატიული გზაა
დემოკრატია ერთი მხრივ, გულისხმობს კანონის დაცვას და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, როცა საუბარია ახალგაზრდებზე, კულტურული განათლება საზოგადოების განვითარების ალტერნატიული გზაა.
„როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე, ვფიქრობ, კულტურული განათლება ალტერნატიული გზა არის საზოგადოების განვითარების. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ კულტურულ განათლებასა და გამოფენებთან თანდართულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რათა უნივერსალური ღირებულებები იყოს დაცული.
დემოკრატია გულისხმობს, რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. ასეც უნდა ხდებოდეს, ადამიანები უნდა გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და მოვახერხოთ ეს ძალადობის გარეშე. დემოკრატია ერთი მხრივ, გულისხმობს კანონის დაცვას და მეორეს მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას“, – განაცხადა ელჩმა.
ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეფასებით, პროტესტი ნორმალური პროცესია, თუმცა ძალადობა დაუშვებელია. ემოციები კი, კანონის ფარგლებში უნდა გამოიხატოს.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ემოცია იყოს გამოხატული, მაგრამ კანონის ფარგლებში. პროტესტი ნორმალურია, თუმცა ძალადობა დაუშვებელია“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა.