ისლანდიაში, ვატნაიეკუდლის მყინვარის ქვეშ დაფიქსირებული მიწისძვრის გრუხუნი შეიძლება ქვეყნის უდიდესი ვულკანის ამოფრქვევის მოახლოების ნიშანი იყოს.
ზღვის დონიდან 2009 მეტრზე მდებარე ბაურდარბუნგა ერთ-ერთია ისლანდიის იმ რამდენიმე ვულკანს შორის, რომლებსაც გეოლოგები ფრთხილად აკვირდებიან. როგორც ჩანს, ბოლო დროის მიწისძვრათა შემდგომი აქტივობები, იმაზე მიუთითებს, რომ ვულკანში წნევა იზრდება.
„ამ ადგილას მომხდარი მიწისძვრის მიზეზი ისაა, რომ ვულკანი ბაურდარბუნგა იბერება, ე. ი. მაგმის კამერაში იზრდება მაგმის წნევა“, — უთხრა ისლანდიის უნივერსიტეტის ვულკანების ექსპერტმა პალ ეინარსონმა Daily Star-ს.
„თვალნათელია, რომ ვულკანი შემდეგი ამოფრქვევისთვის ემზადება, რაც შეიძლება უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოხდეს. გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრები მხოლოდ ამ პროცესის სიმპტომებია, ისინი ვულკანის ამოფრქვევას არ გამოიწვევს“.
მისი თქმით, ბაურდარბუნგა 2015 წლის თებერვლიდან გრგვინავს, როდესაც 2014 წლის აგვისტოში დაწყებული მისი ბოლო ამოფრქვევა დასრულდა. ამ მოვლენამდე, ვულკანი მიწისძვრებს ხშირად იწვევდა, 2007 წლიდან მოყოლებული. მთავარ ამოფრქვევას კი წინ უძღვოდა 1600 ამოფრქვევის სერია სულ რაღაც 40 საათში.
ბაურდარბუნგის 2014-2015 წლების ამოფრქვევა უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე შედარებით პატარა ვულკან ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევა 2010 წელს. მყინვარქვეშა სტრატოვულკან ეიაფიადლაიეკუდლის საშუალო ზომის ამოფრქვევამ მაშინ უჩვეულო და არათანაბარზომიერი გამანადგურებელი შედეგები მოიტანა.
ვუკლანის სითბომ გაადნო მყინვარის ქუდი, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. ატმოსფეროში რამდენიმე კილომეტრზე ავიდა ფერფლი, საიდანაც ის ჰაერის ნაკადებმა ათასობით კილომეტრს იქით, ევროპის თავზე წაიღო.
ფერფლის ფენა ატმოსფეროში იმდენად სქელი იყო, რომ ამოფქრვევიდან რამდემიმე კვირის განმავლობაში, ევროპის თავზე გაუქმდა ყველა ფრენა.
ბაურდარბუნგაც ასევე მყინვარქვეშა სტრატოვულკანია და მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია იგივე შედეგები, რაც ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევას მოჰყვა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რაც 2014-2015 წლების ამოფრქვევამაც აჩვენა.
როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბუნებრივ კატასტროფათა ექსპერტმა სიმონ დეიმ გამოცემა Daily Star-ს განუცხადა, „სტატისტიკურად საეჭვოა, რომ ასე მოხდეს“.
ისლანდიაში გრგვინვის სხვა ხმებიც ისმის — წლის დასაწყისში, ეინარსონმა Iceland Monitor-ს უთხრა, რომ უახლოეს წლებში, ამოფრქვევისთვიუს სულ ოთხი ვულკანი ემზადება.
დანარჩენ სამს შორისაა გრიმსვეტნი, ჰეკლა და კატლა — ეს უკანასკნელი მიჩნეულია ისლანდიის ყველაზე საშიშ ვულკანად.
აღსანიშნავია, რომ კატლას ამოფრქვევას მსოფლიო უკვე ათწლეულებია ელოდება.
ჯერჯერობით, გაფრთხილებას არ იძლევა ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახური. ქვეყნის ოთხივე უმძლავრესი ვულკანი მწვანედაა მონიშნული საავიაციო ფერთა კოდის რუკაზე. ეს კი იმას აღნიშნავს, რომ „ვულკანები ნორმალურ, არაამოფრქვევად მდგომარეობაში არიან“.
მომზადებულია Daily Star-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით