ისლანდიაში ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე მოკლე სამუშაო კვირის ექსპერიმენტმა დიდი წარმატება აჩვენა — #1tvმეცნიერება
ისლანდიაში ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე მოკლე სამუშაო კვირის ექსპერიმენტმა დიდი წარმატება აჩვენა — #1tvმეცნიერება

ოთხი წლის განმავლობაში, 2015-2019 წლებში, დაახლოებით 2500 ისლანდიელი ორ დიდ ექსპერიმენტში მონაწილეობდა, რომელთა მიზანიც იმის დადგენა იყო, რა გავლენას ახდენს მოკლე სამუშაო კვირა პროდუქტიულობაზე. შედეგები უკვე ცნობილია — ექსპერიმენტებმა დიდი წარმატება აჩვენა.

საკვანძო დეტალები: 40-საათიანი სამუშაო კვირის 35-36 საათამდე შემცირება არ იწვევს პროდუქტიულობის ან უზრუნველყოფის სერვისების არანაირ კლებას, მაგრამ ამასობაში დასაქმებულთა კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მთელ რიგ მაჩვენებლებში, მათ შორის მიღებული სტრესისა და „გადაწვის“ თვალსაზრისით.

ცდების ჩატარების შემდეგ, ისლანდიის მთელი სამუშაო ძალის დაახლოებით 86 პროცენტი მოკლე სამუშაო კვირაზე გადავიდა; ექსპერიმენტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათ იდეებს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.

„ორივე ცდაში, ბევრი დასაქმებული აღნიშნავდა, რომ რამდენიმე საათით ნაკლები მუშაობის შემდეგ, ისინი თავს უკეთ გრძნობდნენ, უფრო ენერგიულად, ნაკლებად დასტრესილად, რაც მათ მეტ ენერგიას აძლევდა სხვა აქტივობებისთვის, მაგალითად, ვარჯიშისთვის, მეგობრებისა და ჰობისთვის. ამას კი შემდეგ დადებითი ეფექტი ჰქონდა მათ მუშაობაზე“, — წერია გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ექსპერიმენტები მოიცავდა მრავალი სხვადასხვა სახის სამუშაოს, საავადმყოფოებიდან დაწყებული, ოფისებით დამთავრებული; მონაწილეობას იღებდა ისლანდიის დასაქმებული მოსახლეობის ერთი პროცენტი. მიუხედავად სამუშაო საათების მოკლებისა, დასაქმებულების ანაზღაურება იგივე დარჩა.

სამუშაო საათები კი მართლაც შემცირდა — ისლანდიის მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის ასოციაციის (Alda) და ბრიტანულ ანალიტიკურ ცენტრ Autonomy-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები აჩვენებს, რომ პერსონალის უმეტესობის შემთხვევაში, არ შეინიშნებოდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ზრდა. მოკლე შეხვედრები, ცვლების ცვლილებები და არასაჭირო დავალებების გაუქმება დასაქმებულებს ახალი რეჟიმის ათვისებაში დაეხმარა.

კვირაში ოთხი-ხუთი საათით ნაკლები მუშაობა ადამიანებს საკუთარი სამუშაოსადმი კრეატიულ მიდგომას აიძულებს; ცდების ზოგიერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მათ შეგუება გაუჭირდათ, მაგრამ უმეტესობა სულ მალე შეეჩვია მუშაობის ახალ რეჟიმს.

„იმავეს კეთების ნაცვლად, ისეთივე რუტინულად, როგორც იქამდე, ადამიანებმა ხელახლა შეაფასეს, როგორ აკეთონ საქმე და უცბად აღმოჩნდა, რომ ისინი ამას ადრინდელისგან ძალიან განსხვავებულად აკეთებენ და ამისათვის თანამშრომლობენ კიდეც“, — ამბობს ცდების ერთ-ერთი მონაწილე.

რაც შეეხება კეთილდღეობას, მონაწილეები იუწყებოდნენ სამსახურში ნაკლები სტრესისა და ზოგადად, სამსახური-ცხოვრების უკეთესი ბალანსის შესახებ. შემდეგ ინტერვიუებში, მონაწილეები ახსენებდნენ ისეთ სარგებლებს, როგორებიც არის უფრო მეტი დრო დავალებებისა და სახის საქმეების გასაკეთებლად, მეტი დროის ქონა საკუთარი თავისთვის და უფრო მეტი ვარჯიშის შესაძლებლობა.

გამოქვეყნებული ანგარიში ისლანდიაში ჩატარებულ ტესტებს „დიდ წარმატებად“ აცხადებს, რადგან როგორც მენეჯერები, ისე პერსონალი მუშაობას უფრო ნაკლებ დროს უთმობს ისე, რომ არ მცირდება მისი ოდენობა და ხარისხი. ასეთ რამეზე სხვა კვლევებიც მიუთითებს.

მონაწილეთა უმეტესობას ახალი რეჟიმით მუშაობის გაგრძელების დიდი სურვილი ჰქონდა; კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, მუშაობის ასეთი რეჟიმი ალბათ მთელ მსოფლიოშია სასურველი.

„სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ძალიან ცოტა ადამიანს მოუნდება პანდემიამდელ სამუშაო გარემოში დაბრუნება: შემცირებული სამუშაო კვირა ახალი ნორმა უნდა გახდეს“, — წერია მოხსენებაში დასკვნის სახით.

მოხსენების სრულად წაკითხვა Alda-ს ვებგვერდზე შეგიძლიათ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.