ისლანდიის პრეზიდენტმა თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა
ისლანდიის პრეზიდენტმა თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „პატრიოტიზმის ძალა და გამოწვევები გლობალიზებულ სამყაროში“ წაიკითხა.

ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდა.

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისლანდიის გამოცდილებაზე, ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის დადებით და უარყოფით მხარეებზე, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და გლობალიზაციის ეპოქაში პატარა ქვეყნების როლზე ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობა. შევხვდი რექტორს და სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან თემით: „ნაციონალიზმი გლობალიზაციის ეპოქაში, მისი ძალა და გამოწვევები“. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელზეც ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, უნდა გავაანალიზოთ ნაციონალიზმის პოზიტიური ასპექტები. ნაციონალიზმი უნდა იყოს ტოლერანტული, პროგრესული და არ უნდა გამოვიყენოთ, როგორც აგრესიის იარაღი“, – განაცხადა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, ისლანდიის პრეზიდენტთან შეხვედრისას სტუდენტებმა ისლანდიის რესპუბლიკის გამოცდილების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.

„ლექცია შეეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, პატრიოტიზმს, აგრეთვე იმ გამოწვევებს, რაც ევროკავშირის წინაშეა. ჩვენი სტუდენტების მხრიდანაც დიდი ინტერესი იყო. მათ დასვეს კითხვები, რომლებზეც პრეზიდენტმა უპასუხა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაისახა მომავალი პარტნიორობის გეგმებიც“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

საჯარო ლექციას თსუ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ შორის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სკანდინავისტიკის მიმართულების სტუდენტები. ლექციის შემდეგ სტუდენტებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ისლანდიის პრეზიდენტისგან პასუხები მოისმინეს.

„ჩემთვის, როგორც საერთაშორისო მიმართულების სტუდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისლანდიის პრეზიდენტის საჯარო ლექციაზე დასწრება, ვინაიდან შესაძლებლობა მომეცა, როგორც მოქალაქეს, რომელსაც აინტერესებს საქართველოს ბედი, მომესმინა ისლანდიის რესპუბლიკის გამოცდილების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია და გამომეტანა დასკვნები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ჯეჯეიამ.