ისლანდია საუკუნეების წინ ვიკინგების მიერ განადგურებული ტყეების აღდგენას ცდილობს
ვიკინგების მიერ კოლონიზაციამდე, ისლანდია ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ მრისხანე მეომრებმა ხმელეთზე ყველაფერი გაანადგურეს. ქვეყანა კუნძულზე ტყეების აღდგენას ახლა ცდილობს.
ისლანდია ევროპაში ყველაზე ნაკლებად ტყიანი ქვეყანაა. კუნძულზე ხეები უიშვიათესია ან ძალიან პატარაა.
მეცხრე საუკუნის ბოლოს, როდესაც მეზღვაურმა ვიკინგებმა ნორვეგიის ნაპირები დატოვეს და დაუსახლებელი ჩრდილოატლანტიკური კუნძულები დაიპყრეს, ისლანდიის თითქმის მეოთხედი არყის ხის ტყეებით იყო დაფარული.
სულ რაღაც ერთ საუკუნეში, ახალმოსახლეებმა სახლების ასაშენებლად და საძოვრების გასადიდებლად ტყეების 97 პროცენტი გაჩეხეს.
მკაცრი კლიმატისა და აქტიური ვულკანების გამო ტყეების აღდგენა ურთულესი აღმოჩნდა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2015 წლის მოხსენების მიხედვით, ტყეები ახლა კუნძულის მხოლოდ 0,5 პროცენტს ფარავს.
ხეების ნაკლებობა კი ნიშნავს სხვა მცენარეულობის არარსებობასაც, რაც ნიადაგს ეროზიისგან დაიცავდა, შეინახავდა წყალს. ქვეყანა მასშტაბურ გაუდაბურებას ებრძვის.
1950-იან და 1990-იან წლებში ტყის მასივების აღდგენის მცდელობამ გარკვეული შედეგი გამოიღო, ზოგიერთ ადგილას კლდოვანი ლანდშაფტი სიმწვანით დაიფარა.
ისლანდიის სატყეო სააგენტომ მიზნად დაისახა ტყის მასივები გააშენოს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, 6000 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ახლა ნამდვილ მთვარის ლანდშაფტს ჰგავს.
ესიას მთის ძირში, რომელიც დედაქალაქ რეიკიავიკს გადმოჰყურებს, მდებარეობს ისლანდიის სატყეო სააგენტოს შტაბბინა.
სადგურის გვერდით არის 50 წლის წინ ხელოვნურად გაშენებული ტყე, რომელშიც იმპორტირებული ხეები ისლანდიის ერთადერთ შინაურ ხესთან — არყთან ერთად იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიადაგები არყისთვის მშობლიურია, ძალისხმევა ხშირად სხვა სახეობის ხეებზე ახდენს ფოკუსირებას.
ისლანდიის სატყეო სააგენტოს განცხადებით, არყების პრობლემა ის არის, რომ ის პროდუქტიული სახეობა არ არის. ტყეებთან დაკავშირებით ქვეყანას სხვადასხვა მიზნები აქვს და მონოკულტურა მისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.
ქვეყანაში გახსნილია მრავალი სატყეო მეურნეობა. რეიკიავიკიდან 100 კმ მანძილზე მდებარე სადგურში წელიწადში 900 000 ფიჭვისა და ალვის ხის ნერგიო გამოჰყავთ. თესლები თავდაპირველად ალასკიდან შემოჰქონდათ, მაგრამ ახლა ქვეყანაში უკვე არის 30, 40 და 50 წლის ხეები, რომლებიც ნერგებისთვის საჭირო თესლს იძლევა. ღია გრუნტში 3 თვის ამოსულ ხეებს რგავენ.
თუმცა, არის ერთი პრობლემა. ისლანდიის ნიადაგები საკმაოდ ღარიბია აზოტით, რის გამოც ხეები აქ იმაზე ათჯერ ნელა იზრდება, ვიდრე ამაზონის ჯუნგლებში.
2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ კლიმატის სამოქმედო გეგმაში, ისლანდიის ხელისუფლებამ გატყიანება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. როგორც ცნობილია, ხეები ნიადაგში ნახშირბადს აკავებს და სწორედ ამ გზით ცდილობს ისლანდია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას.
2015 წლიდან დღემდე, ისლანდიაში 1000 ჰექტარზე 3-4 მილიონი ხე დაირგო. ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია ჩინეთთან შედარებით, რომელმაც ამავე პერიოდში ხეები 6-7 მილიონ ჰექტარზე გააშენა.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.