ირმის ნახტომში უიშვიათესი კატეგორიის კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ირმის ნახტომში უიშვიათესი კატეგორიის კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ირმის ნახტომში აღმოაჩინეს ახალი ვარსკვლავი, რომელიც ისეთ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომ მისი წევრები თითებზე შეგვიძლია დავითვალოთ.

მისი სახელია MAXI J1816-195 და მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 30 000 სინათლის წლის მანძილზე. როგორც პირველადი დაკვირვებები და კვლევები მიუთითებს, ის რენტგენული მილიწამური პულსარია; ასტრონომ ალესანდრო პატურნოს მიერ შედგენილი პულსარების მონაცემთა ბაზის მიხედვით, ამ დრომდე მხოლოდ 18 ასეთი ობიექტია აღმოჩენილი.

როდესაც რაოდენობა ასეთი მცირეა, ყოველი ახალი ობიექტი უკიდურესად ამაღელვებელი აღმოჩენაა, რასაც შეუძლია მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაცია მოგვცეს ამ ობიექტთა წარმოქმნის, განვითარებისა და ქცევის შესახებ.

ამ ობიექტის მიერ გამოყოფილი რენტგენული სინათლე პირველად 7 ივნისს დააფიქსირა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს რენტგენულმა ინსტრუმენტმა MAXI-მ, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა დამონტაჟებული.

Astronomer’s Telegram-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, იაპონიის ნიჰონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ასტროფიზიკოს ნიტოში ნეგოროს ხელმძღვანელობით წერს, რომ გამოავლინეს რენტგენული სხივების აქამდე არაკატალოგიზებული წყარო, რომელიც გალაქტიკურ სიბრტყეში, მშვილდოსნის, ფარისა და გველის თანავარსკვლავედებს შორის მდებარეობს. მათი განცხადებით, ის შედარებით კაშკაშად ანათებს, მაგრამ MAXI-ს მონაცემებზე დაყრდნობით მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

მალე საქმეში სხვა ასტრონომები ჩაერთნენ. NASA-ს კოსმოსურ ტელესკოპ Swift-ის გამოყენებით, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ჯეიმი კენეამ და მისმა კოლეგებმა ცის ამ რეგიონს მიმართეს, რათა დამოუკიდებელი ინსტრუმენტით დაედასტურებინათ აღმოჩენა და დაედგინათ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა.

MAXI-ს მიერ შემჩნეულ ადგილას, Swift-მა ობიექტი რენტგენულ დიაპაზონში დაინახა, მაგრამ ვერაფერი დააფიქსირა ოპტიკურ ან ულტრაიისფერში.

„ამ ადგილას არ არის ჩვენთვის ცნობილი და კატალოგიზებული რაიმე რენტგენული წყარო, შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ეს გახლავთ ახალი გარდამავალი წყარო და მას MAXI J1816-195 ვუწოდეთ. ამას გარდა, საარქივო მონაცემებში, ამ რეგიონზე Swift-ის მიერ 2017 წლის 22 ივნისს ჩატარებულ დაკვირვებათა ჩანაწერებში, ამ ადგილას რაიმე წყარო ვერ აღმოვაჩინეთ“, — წერენ ისინი Astronomer’s Telegram-ზე.

ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

შემდეგ საქმეში ჩაერთო „ნეიტრონულ ვარსკვლავთა წიაღის შემადგენლობის მკვლევარი“ (NICER) — NASA-ს რენტგენული ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა დამონტაჟებული.

სწორედ აქ დაიწყო ნამდვილად საინტერესო ამბები. NICER-მა დააფიქსირა რენტგენული პულსები 528,6 ჰერცზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ობიექტი წამში 528,6-ჯერ ბრუნავს და ამავე დროს გამოყოფს თერმობირთვულ ანთებებს.

„ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ MAXI J1816-195 არის ნეიტრონული ვარსკვლავი, ახალი აკრეციული მილიწამური რენტგენული პულსარი“, — წერენ მკვლევრები.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გეტყვით, რომ ყველა პულსარი ერთნაირი არ არის. ძლიერ საბაზისო დონეზე, პულსარი ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპია, თავად ნეიტრონული ვარსკვლავი კი წარმოადგენს სუპერნოვად აფეთქებული მასიური, მკვდარი ვარსკვლავის კოლაფსირებულ ბირთვს. ეს ობიექტები ძალიან პატარა და ძლიერ მკვრივია — წარმოიდგინეთ, მასით ჩვენს მზეს დაახლოებით 2,2-ჯერ აღემატებიან, მაგრამ ამ სფეროების დიამეტრი სულ რაღაც 20 კილომეტრამდეა.

იმისათვის, რათა პულსარი იყოს, ნეიტრონული ვარსკვლავი უნდა პულსირებდეს. რადიაციის ჭავლები მისი პოლუსებიდან იტყორცნება; შესაბამისი კუთხით მდებარეობის შემთხვევაში, ეს პულსები დედამიწას შუქურას სინათლის ნაკადებივით ჩაუვლის. მილიწამურ პულსარებს უწოდებენ პულსარებს, რომლებიც იმდენად სწრაფად ბრუნავენ, რომ წამში ასობით პულსს გამოყოფენ.

ზოგიერთ პულსარს ენერგიას ბრუნვა აძლევს, ზოგიერთ ტიპს კი მატერიის მიერთება (აკრეცია). ზოგჯერ ნეიტრონული ვარსკვლავი წყვილურ (ბინარულ) სისტემაშია სხვა ვარსკვლავთან და ისინი ერთმანეთის გარშემო იმდენად ახლოდან მოძრაობენ, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი კომპანიონ ვარსკვლავს მატერიას წოვს და თავად იერთებს. ეს მატერია ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველის ხაზებით მისი პოლუსებისკენ მიემართება, საიდანაც ის ზედაპირზე ეცემა და წარმოქმნის ცხელ წერტილებს, რომლებიც კაშკაშად ბრწყინავენ რენტგენულ დიაპაზონში.

ზოგჯერ, მატერიის მიერთების, ანუ აკრეციის პროცესი პულსარის ბრუნვას მილიწამების მასშტაბამდე აჩქარებს. ეს გახლავთ აკრეციული რენტგენული მილიწამური პულსარები და როგორც ჩანს, ახლად აღმოჩენილი MAXI J1816-195 სწორედ ამ უიშვიათეს კატეგორიას მიეკუთვნება.

NICER-ის მიერ დაფიქსირებული თერმობირთვული რენტგენული ჭავლი სავარაუდოდ წარმოქმნილი იყო კომპანიონი ვარსკვლავისგან მოპარული და აკუმულირებული მატერიის არასტაბილური თერმობირთვული წვით.

ვინაიდან აღმოჩენა ახალი, მიმდინარეობს დაკვირვებები მრავალ სხვადასხვა ტალღის სიგრძეში. დაკვირვებები უკვე ჩატარდა Swift-ით და კანარის კუნძულ ლა-პალმაზე მდებარე ოპტიკური 2-მეტრიანი ლივერპულის ტელესკოპით.

მკვლევართა განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს პულსარის ბრუნვის მაჩვენებელთა ანალიზი და მალე მის შესახებ კიდევ უფრო მეტი ახალი ცნობა გვექნება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.