ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომს დაახლოებით 200 000 სინათლის წლის მანძილიდან გარს აკრავს გაზის უზარმაზარი, მაღალი სიჩქარის ნაკადი.
მისი წარმომავლობა მეტნაკლებად ცნობილია. მეცნიერები საკმაოდ თავდაჯერებულად მას მაგელანის დიდ და პატარა ღრუბლებს უკავშირებდნენ — ირმის ნახტომის გარშემო მოძრავ ჯუჯა გალაქტიკებს, რომლებსაც დროთა განმავლობაში ჩვენი გალაქტიკა გადასანსლავს. სწორედ ამიტომ, ამ კოსმოსურ „გველს“ მაგელანის ნაკადიც უწოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მაგელანის ნაკადი ქიმიური შემადგენლობით საკმაოდ ემთხვევა მაგელანის ღრუბლებს, არის ერთი ასპექტი, რომელიც უკვე ათწლეულებია, ასტრონომებს საგონებელში აგდებდა — მასა. ამ ნაკადში დაახლოებით მილიარდი მზის მასის გაზია თავმოყრილი და მოდელები ვერ ხსნიდა, რატომ უნდა დაეკარგათ ამდენი მასა თანამგზავრ გალაქტიკებსმზი.
„სწორედ ამიტომ, მივაგენით ახალ გამოსავალს, რომელიც ბრწყინვალედ ხსნის ამ ნაკადის მასას“, — ამბობს ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ასტრონომი ელენა დ’ონგია.
მათი ახალი მოდელის მიხედვით, ეს გაზი თავად მაგელანის ღრუბლების წიაღიდან არ მომდინარეობს. ამის ნაცვლად, ის წამოსულია მათი გალაქტიკური ჰალოებიდან — გაზისა და პლაზმის გიგანტური ღრუბლებიდან, რომლებიც უამრავ გალაქტიკას აკრავს გარს.
მაგელანის ღრუბლებისა და ირმის ნახტომის კოსმოსური „ცეკვა“ საკმაოდ საინტერესო პროცესია; ორი თანამგზავრი გალაქტიკა გარს უვლის ერთმანეთს და ერთობლივად კი ირმის ნახტომის გარშემო მოძრაობენ. ეს კომპლექსური ურთიერთქმედება სამივე გალაქტიკას ამრუდებს და მიჩნეულია, რომ ირმის ნახტომი დროთა განმავლობაში მაგელანის ღრუბლებს გაანადგურებს.
აქამდე მიიჩნეოდა, მას შემდეგ, რაც ეს ორი ჯუჯა გალაქტიკა ირმის ნახტომის გრავიტაციული გავლენის სფეროში შემოვიდა, ჩვენი გალაქტიკის მიერ გამოწვეულმა გრავიტაციულმა განადგურებამ მათგან მაგელანის ნაკადი გამოწელა. თუმცა, ეს მოდელი მხედველობაში იღებდა ამ ნაკადის დაკვირვებული მასის მხოლოდ 10 პროცენტს.
„უკვე 50 წელია, ეს ნაკადი ნამდვილ თავსატეხად იქცა. ნორმალურად ვერასოდეს ვხსნიდით, საიდან მოვიდა ის. ამაღელვებელია, რომ ამ საიდუმლოს ამოხსნასთან ახლა ძალიან ახლოს ვართ“, — ამბობს კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი ენდრიუ ფოქსი.
ახალი ამბავი ის გახლავთ, რომ როგორც ბოლო კვლევები მიუთითებს, მაგელანის ღრუბლებს საკმარისი მასა გააჩნიათ, რათა საკუთარი ჰალოები ჰქონდეთ.
ასტრონომთა ჯგუფმა, რომელსაც ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევარი სკოტ ლუჩინი ხელმძღვანელობდა, ირმის ნახტომის ორბიტაზე მოძრავ მაგელანის ღრუბელთა ახალი, საკუთარი სიმულაცია შექმნა.
გამოთვალეს, რომ თბილი გაზის ჰალოს მაგელანის ღრუბლების გარშემო, რასაც მაგელანის კორონა უწოდეს, დრამატულად უნდა შეეცვალა მაგელანის ნაკადის წარმოქმნის გზა.
მათი სიმულაციების თანახმად, მისი ფორმაცია ორეტაპიანი პროცესი იყო. პირველი ეტაპი იმაზე გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე ირმის ნახტომი მაგელანის ღრუბლებს ჩაიჭერდა, თუმცა, ამ დროს ეს ორი ჯუჯა გალაქტიკა უკვე ერთმანეთის გარშემო მოძრაობდა. მაგელანის დიდმა ღრუბელმა მაგელანის პატარა ღრუბელს ძალიან ბევრი მატერია მოპარა, თავად კი მხოლოდ მცირე ოდენობის გაზი დაკარგა.
ამ პროცესმა დაახლოებით 5,7 მილიარდი წელი წაიღო და საბოლოოდ წარმოქმნა დაახლოებით სამი მილიარდი მზის მასის მქონე გაზის ჰალო, რომლის საბურველშიც ორი გალაქტიკა უკვე გახვეული იყო მაშინ, როდესაც ისინი ირმის ნახტომის გრავიტაციამ დაიჭირა. ამ მომენტიდან გრავიტაციულმა ძალებმა მაგელანის ნაკადის წარმოქმნა დაიწყო, რომლის გამოც, მაგელანის ღრუბლების ჰალომ მასის 10-20 პროცენტი გაიღო.
მეორე ეტაპზე, როდესაც ორი გალაქტიკა უკვე ირმის ნახტომის ორბიტაზე მოძრაობდა, ჩვენი გალაქტიკის გრავიტაციასთან და საკუთარ გალაქტიკურ ჰალოსთან ურთიერთქმედებით, მაგელანის კორონას მასის დაახლოებით მეხუთედი სტრიმის დანარჩენი ნაწილის წარმოქმნას მოხმარდა.
მკვლევართა ჯგუფის სიმულაციების მიხედვით, მოვლენათა ამ ორეტაპიანმა მიმდევრობებმა მაგელანის ნაკადის სტრუქტურა და მასა წარმოქმნა, მათ შორის იყო ნაკადის ერთი განშტოება, რომელსაც წამყვან მკლავს უწოდებენ და რომელიც ორბიტაზე ორი ჯუჯა გალაქტიკის წინ მიდის.
მაგელანის კორონა ჯერ პირდაპირ დაფიქსირებული არ არის, მაგრამ ჯგუფის მოდელი ამისათვის საჭირო ხელსაწყოთა კომპლექტსაც გვთავაზობს.
გაზის ღრუბელი უნდა შეიცავდეს ძლიერ იონიზებულ მდგომარეობაში მყოფ ნახშირბადსა და სილიციუმს. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, მაგელანის კორონას გავლით შეგვიძლია დავაკვირდეთ შორეულ კვაზარებს, შემდეგ კი მოვახდინოთ მათი სინათლის ანალიზი, რათა ვნახოთ, გამოიარა თუ არა მან მზის სისტემამდე მოსაღწევად ამ ელემენტთა შემცველ ღრუბლებში.
„ფონური კვაზარების ხედვის ხაზები მაგელანის კორონას დაფიქსირების ცალსახა შანსს გვთავაზობს, რადგან ისინი მაგელანის დიდი ღრუბლის ვარსკვლავთშორისი მასალით დაბინძურებული არ არის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.wisc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.