დავითისა და გოლიათის ულმობელი ბრძოლა მეზობელ გალაქტიკებს შორის
დავითისა და გოლიათის ულმობელი ბრძოლა მეზობელ გალაქტიკებს შორის

ასტრონომები დავითისა და გოლიათის ბრძოლას დააკვირდნენ, ოღონდ ჩვენს მეზობელ გალაქტიკებს შორის. ისინი ერთმანეთს ნაჭრებს აგლეჯენ და მაგელანის გაზურ ნაკადში ისვრიან. ამის შემდეგ, ეს კოსმოსური მდინარე ირმის ნახტომის გარშემო მიიკლაკნება.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა მაგელანის დიდ და პატარა ღრუბლებს შორის მიმდინარე სასტიკი ბრძოლა შეისწავლეს. ირმის ნახტომის თანამგზავრი ეს ორი ჯუჯა გალაქტიკა სამხრეთ ნახევარსფეროს ციდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

ბნელი ენერგიის კამერისა და ბლანკოს 4-მეტრიანი ტელესკოპის გამოყენებით, დოქტორ დუგალ მაკის ჯგუფმა ამ ღრუბლების გარე ნაწილებში არსებულ ვარსკვლავთა რუკა შექმნა. შედეგად გაირკვა, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში, ამ ღრუბლებს შორის განმეორებადი ურთიერთქმედება მიმდინარეობს.

მაკის განცხადებით, ეს ბრძოლა ძლიერ ჰგავს დავითისა და გოლიათის ბრძოლას, მაგრამ ამ შემთხვევაში, პატარა ბიჭს დავითის მსგავსი ბედი და შურდული არ აქვს.

მისი თქმით, მაგელანის დიდი ღრუბელი სასტიკად „სცემს“ თავის პატარა კომპანიონს, რის შედეგადაც, მაგელანის პატარა ღრუბლის გარე ნაწილები ძლიერ გაწელილია როგორც დიდი ღრუბლის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით.

მაგელანის პატარა ღრუბელში სხვადასხვა ასაკის ვარსკვლავთა გადანაწილება შესაძლოა, მიუთითებდეს დიდ ღრუბელთან არასასიამოვნო შეხვედრებზე, რაც უკვე რამდენიმე მილიარდი წელია გრძელდება.

თუმცა, ამ ბრძოლებში ხელუხლებელი არც დიდი ღრუბელი რჩება. პატარა ღრუბელთან ახლოს არსებული მხარე ძლიერ გაღუნულია, მნიშვნელოვნად არის დამახინჯებული გარე ნაწილების სხვა უბნებიც.

დოქტორ მაკის თქმით, მათი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ ამ სასტიკი და მუდმივი კონფლიქტის შედეგად არის წარმოქმნილი მაგელანის ნაკადი.

„ამ ღრუბლებს საბოლოოდ ირმის ნახტომი სრულად შეჭამს, მაგრამ გვსურს გავარკვიოთ, კიდევ რამდენი დრო დარჩათ და რა გავლენას იქონიებენ ისინი საბოლოო განადგურებამდე“, — აღნიშნავს მაკი.

მკვლევრებმა ასევე დიდ დეტალებში გაარკვიეს, რომ ამ ღრუბლებს შორის, მაგელანის ნაკადში, რომელსაც მაგელანის ხიდსაც უწოდებენ, ახალი ვარსკვლავები იბადება.

გარდა ამისა, ასტრონომებმა ასევე აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ციცქნა გალაქტიკა ჰიდრა I, რომელიც ორ ღრუბელს შორის არის მოთავსებული.

ეს გალაქტიკა მიეკუთვნება ე. წ. ულტრამკრთალ ჯუჯა გალაქტიკათა კლასს, რომელთა არსებობაც მხოლოდ 10 წლის წინ დაადასტურეს. მოიცავს უკიდურესად დაბალი სიკაშკაშის მქონე ჯუჯა გალაქტიკებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ დიდი ოდენობით ბნელი მატერია.

არსებობს დიდი სამეცნიერო კონსენსუსი, რომ ბნელი მატერია, რომლის ხილვაც მეცნიერებს არ შეუძლიათ, სამყაროში ფართოდ არის წარმოდგენილი და სწორედ მის გამო ინარჩუნებენ გალაქტიკები პოზიციებს, იმის ნაცვლად, რომ ბრუნვისას უმისამართოდ დაეხეტებოდნენ.

ჰიდრა I მაგელანის რომელიმე ღრუბლის ან ორივეს თანამგზავრია, რომელიც თავის დიდ კომპანიონებთან ერთად, ირმის ნახტომში ჩავარდნის პროცესშია.

მომზადებულია anu.edu.au-ს მიხედვით.