მეზობელ გალაქტიკაში ასტრონომებმა გაქცეული გიგანტური ვარსკვლავი დააფიქსირეს
მეზობელ გალაქტიკაში ასტრონომებმა გაქცეული გიგანტური ვარსკვლავი დააფიქსირეს

ასტრონომებმა აღმოაჩინეს უიშვიათესი, „გაქცეული“ ვარსკვლავი, რომელიც თავის გალაქტიკაში 483 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს (სიჩქარე, რომლითაც ლოს ანჯელესიდან ნიუ იორკში ჩასვლამდე მას ნახევარი წუთი დასჭირდებოდა).

გაქცეული ვარსკვლავი სახელად J01020100-7122208 მდებარეობს მაგელანის პატარა ღრუბელში, ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის უახლოეს მეზობელ ჯუჯა გალაქტიკაში. ასტრონომთა აზრით, ერთ დროს ის ბინარული ვარსკვლავური სისტემის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

მაგრამ როცა კომპანიონი ვარსკვლავი სუპერნოვად აფეთქდა, გამოტყორცნილმა უზარმაზარმა ენერგიამ ის კოსმოსში მაღალი სიჩქარით გატყორცნა. წარმოადგენს აქამდე აღმოჩენილ პირველ გაქცეულ ყვითელ სუპერგიგანტ ვარსკვლავს. ამავე დროს, ის მეორე გაქცეული ვარსკვლავია, რომელიც მკვლევრებმა სხვა გალაქტიკაში დააფიქსირეს.

10 მილიონი წლის განმავლობაში კოსმოსში ხეტიალისას, ვარსკვლავი ყვითელ სუპერგიგანტად ჩამოყალიბდა, ისეთად, როგორსაც დღეს ვხედავთ. იგი კოსმოსში ხეტიალს მანამ გააგრძელებს, სანამ თავადაც სუპერნოვად აფეთქდება. ეს მოვლენა სავარაუდოდ მომდევნო 3 მილიონი წლის განმავლობაში მოხდება. ამ დროს წარმოიქმნება მძიმე ელემენტები, სუპერნოვას ნარჩენებისგან კი, ერთ მშვენიერ დღეს, მაგელანის პატარა ღრუბლის კიდეებზე ალბათ დაიბადება ახალი ვარსკვლავი თავის პლანეტებით.

ვარსკვლავი მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ჩილეში განთავსებული 4-მეტრიანი ბლანკოს ტელესკოპისა და 6,5-მეტრიანი მაგელანის ტელესკოპის გამოყენებით.

მაგელანის პატარა ღრუბელი — ზედა მარჯვენა მკრთალი ობიექტი.

შედარებისთვის გეტყვით, რომ ასევე ყვითელი სუპერგიგანტია პოლარული ვარსკვლავი, იგივე პოლარისი, ისევე როგორც კანოპუსი – სამხრეთ ნახევარსფეროს ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.

ყვითელი სუპერგიგანტები ძალიან იშვიათია, რადგან მათი სასიცოცხლო ფაზა საკმაოდ ხანმოკლეა. მასიურმა ვარსკვლავმა შეიძლება 10 მილიონი წელიწადიც იცოცხლოს, მაგრამ ყვითელი სუპერგიგანტის ფაზა მხოლოდ ათობით ან ასობით ათას წელიწადს გრძელდება, რაც ვარსკვლავის სიცოცხლის თვალსაზრისით, მხოლოდ თვალის ერთი დახამხამებაა.

ამ მოკლე პერიოდის შემდეგ, ყვითელი სუპერგიგანტები ფართოვდებიან და გადაიქცევიან წითელ სუპერგიგანტებად, როგორიც არის მაგალითად, ბეთელჰეიზე. ეს ვარსკვლავი იმდენად უზარმაზარია, რომ თუ მზის ადგილას მოვათავსებთ, მისი ზომა მარსის ან იუპიტერის ორბიტამე გაივრცობა. ამ ტიპის ვარსკვლავები საბოლოოდ თვალწარმტაც სუპერნოვად ფეთქდებიან.

მომზადებულია lowell.edu-ს მიხედვით