ჩვენი მეზობელი გალაქტიკა ნელ-ნელა კვდება - ასტრონომთა აღმოჩენა
ჩვენი მეზობელი გალაქტიკა ნელ-ნელა კვდება - ასტრონომთა აღმოჩენა

დედამიწიდან დაახლოებით 200 000 სინათლის წლის მანძილზე, გალაქტიკა მაგელანის პატარა ღრუბელი თანდათან კვდება. ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, გალაქტიკა ვარსკვლავების წარმოქმნის უნარს კარგავს და თანდათან იმალება გალაქტიკათშორის გაზში.

ავსტრალიაში განთავსებული ტელესკოპის, ASKAP-ის საშუალებით, ასტრონომები გალაქტიკის სიკვდილს დეტალურად დააკვირდნენ.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომის, ნაომი მაკკლარ-გრიფიტსის განცხადებით, ისინი დააკვირდნენ მაგელანის პატარა ღრუბლიდან გამავალ წყალბადის ძლიერ ნაკადს.

მისი თქმით, გაზის დაკარგვის შესაძლოა, ის იყოს, რომ გალაქტიკამ თანდათან შეწყვიტოს ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის უნარი. ეს გალაქტიკები, რომლებიც ამ უნარს კარგავენ, თანდათან ქრებიან, ანუ ადგილი აქვს გალაქტიკის ნელ სიკვდილს.

მაგელანის პატარა ღრუბელი წარმოუდგენლად ციცქნაა — სულ რაღაც 7000 სინათლის წლის სიგანის, ირმის ნახტომზე ათჯერ უფრო პატარა. თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე.

იგი ერთ-ერთია ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკათა შორის და შეწყვილებულია მაგელანის დიდ ღრუბელთან. ერთად ისინი წარმოქმნიან ორმაგ (ბინარულ) გალაქტიკურ სისტემას, რომელშიც ორი ჯუჯა გალაქტიკა პირველ რიგში ერთმანეთის გარშემო მოძრაობს, ორივე ერთად კი ირმის ნახტომის გარშემო.

არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ჯუჯა გალაქტიკები გადამწყვეტ როლს თამაშობენ სამყაროს ევოლუციაში.

ეს ხდება ე. წ. ვარსკვლავური უკუკავშირის შედეგად, როცა მასიური ვარსკვლავები სუპერნოვად აფეთქებისა და ვარსკვლავური ქარების შედეგად, გალაქტიკათშორის სივრცეში გატყორცნიან გაზის, ენერგიის, მასისა და მეტალების მძლავრ ნაკადებს.

ამ პროცესის წყალობით მდიდრდება გალაქტიკათშორისი სივრცე და რეგულირდება ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი, მაგრამ ამ ყველაფერზე დაკვირვება საკმაოდ რთულია.

ტელესკოპ ASKAP-ის წარმოუდგენლად დიდი ხედვის კუთხის წყალობით, მაკკლარ-გრიფიტსი და მისი ჯგუფი გალაქტიკათა ევოლუციის კვლევის ფარგლებში, მაგელანის პატარა ღრუბელს დააკვირდა.

ჯგუფი უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდა გალაქტიკიდან გამომდინარე ატომური წყალბადის ნაკადს და პირველად ისტორიაში, ზუსტად გაზომა ჯუჯა გალაქტიკის მიერ დაკარგული მასის ოდენობა. ატომური წყალბადი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალი ვარსკვლავების წარმოქმნისთვის.

აღმოჩნდა, რომ ცივი ატომური წყალბადის ნაკადი ვარსკვლავთწარმოქმნის ბარიერიდან სულ მცირე 6,523 სინათლის წლის იქით ვრცელდებოდა. მკვლევართა ვარაუდით, ნივთიერებებმა გარეთ გასვლა დაახლოებით 25-60 მილიონი წლის წინ დაიწყო.

საბოლოოდ გაირკვა, რომ გალაქტიკის დანაკარგები წარმოუდგენლად დიდია. საქმე ეხება 10 მილიონი მზის მასის გაზს, ანუ გალაქტიკის ატომური გაზის მთლიანი მასის 3 პროცენტს.

მკვლევართა თქმით, მაგელანის პატარა ღრუბელი თავის ატომურ წყალბადს იმაზე სწრაფად კარგავს, ვიდრე ვარსკვლავთა წარმოქმნისთვის არის საჭირო.

ეს ამბავი ნამდვილად ცუდია თავად მაგელანის პატარა ღრუბლისთვის, მაგრამ კარგია მიმდებარე სივრცისთვის და ასტრონომთათვის, რომლებიც ჯუჯა გალაქტიკებში ვარსკვლავურ უკუკავშირს იკვლევენ.

მკვლევართა განცხადებით, საბოლოო ჯამში, მაგელანის პატარა ღრუბელს ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი შთანთქავს.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.