ასტრონომებმა სხვა გალაქტიკაში მდებარე ეული ნეიტრონული ვარსკვლავი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა სხვა გალაქტიკაში მდებარე ეული ნეიტრონული ვარსკვლავი აღმოაჩინეს

პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს განსაკუთრებული სახის ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც ირმის ნახტომს გარეთ მდებარეობს. ამისათვის მათ NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორია და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ტელესკოპი VLT გამოიყენეს.

ნეიტრონული ვარსკვლავები იმ მასიურ ვარსკვლავთა ულტრამკვრივი ბირთვებია, რომლებიც კოლაფსირდნენ და სუპერნოვად აფეთქდნენ. ახლად იდენტიფიცირებული ნეიტრონული ვარსკვლავი უიშვიათესია იმ თვალსაზრისით, რომ აქვს სუსტი მაგნიტური ველი და არ ჰყავს კომპანიონი ვარსკვლავი.


მდებარეობს სუპერნოვას ნარჩენ 1E 0102.2-7219-ში, დედამიწიდან 200 000 სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის მეზობელ გალაქტიკა მაგელანის პატარა ღრუბელში.

ობიექტი პირველად თითქმის 30 წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ ახალი კომპოზიტური ფოტოს წყალობით, ასტრონომებმა მის შესახებ უამრავი ახალი დეტალი გაარკვიეს.

ჩანდრას რენტგენული სხივები სურათზე ლურჯში და მეწამულში ჩანს, ტელესკოპ VLT-ის ხილული სინათლე კი კაშკაშა წითლად. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის დამატებითი მონაცემები მუქ წითელში და მწვანედაა გამოსახული.

E0102-ს მსგავსი, ჟანგბადით მდიდარი სუპერნოვას ნარჩენები მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, როგორ გარდაქმნიან მასიური ვარსკვლავები მსუბუქ ელემენტებს მძიმეებად, ვიდრე აფეთქდებიან. ეს სუპერნოვა რამდენიმე ათასი წლის წინ არის აფეთქებული. ჟანგბადით მდიდარი მისი ნარჩენები შეიცავს მკვდარი ვარსკვლავის წიაღიდან გამოტყორცნილ მრავალ სხვა ნარჩენს. ეს ნარჩენები (სურათზე ჩანს მწვანე ფილამენტური სტრუქტურების სახით) კოსმოსში რამდენიმე მილიონი კმ/სთ სიჩქარით მიჰქრიან.

როგორც ჩანდრას დაკვირვებებმა აჩვენა, სუპერნოვას ნარჩენებში, რენტგენულ სპექტრში დომინირებს ვრცელი, სარტყლის ფორმის სტრუქტურა, რაც როგორც წესი, სუპერნოვას დარტყმით ტალღასთანაა დაკავშირებული. VLT-ის ახალმა მონაცემებმა აჩვენა გაზის შედარებით პატარა სარტყელი (კაშკაშა წითლად), რომელიც დარტყმით ტალღაზე ნელა ფართოვდება. ამ სარტყლის ცენტრში, ლურჯი წერტილის სახით მოთავსებულია რენტგენული გამოსხივების წყარო.

მონაცემების საფუძველზე აშკარა ხდება, რომ ეს წყარო იზოლირებული ნეიტრონული ვარსკვლავია, რომელიც სუპერნოვას აფეთქების შედეგად დაახლოებით 2 მილიონი წლის წინაა წარმოქმნილი. ამ წყაროს რენტგენული გამოსხივების ენერგიის ხელწერა, ანუ სპექტრი ძალიან ჰგავს იმ ნეიტრონულ ვარსკვლავებისას, რომლებიც ჟანგბადით მდიდარი ორი სხვა სუპერნოვას ნარჩენების ცენტრში არიან მოთავსებული — კასიოპეა A და კიჩოს A. კომპანიონი ვარსკვლავები არც აღნიშნულ ორ ნეიტრონულ ვარსკვლავს ჰყავს.

გაფართოებული რადიოგამოსხივების, ანუ პულსირებადი რენტგენული რადიაციის მტკიცებულებათა ნაკლებობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სწრაფად მბრუნავ ძლიერმაგნეტიზებულ ნეიტრონულ ვარსკვლავებთან. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ასტრონომთა მიერ დაფიქსირებული რენტგენული რადიაცია წამოსულია იზოლირებული ნეიტრონული ვარსკვლავის ცხელი ზედაპირიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მაგნიტური ველი აქვს. ირმის ნახტომში აღმოჩენილია დაახლოებით ათი ასეთი ობიექტი, მაგრამ ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა ის სხვა გალაქტიკაშიც დააფიქსირეს.

მაგრამ საინტერესოა, როგორ დაიკავა ამ ნეიტრონულმა ვარსკვლავმა ამჟამინდელი პოზიცია? ერთ-ერთი შესაძლებლობის მიხედვით, სუპერნოვას აფეთქება მოხდა ნარჩენების ცენტრის სიახლოვეს, მაგრამ ნეიტრონული ვარსკვლავი ადგილიდან ამოვარდა ასიმეტრიული აფეთქებით, დაახლოებით სამი მილიონი კმ/სთ სიჩქარით. თუმცა, ამ სცენარის მიხედვით, ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ არის ეს ნეიტრონული ვარსკვლავი დღეს ასე ნათლად შემოსაზღვრული ბოლო დროს აღმოჩენილი გაზის სარტყლით (ოპტიკურ ტალღის სიგრძეში).


კიდევ ერთი შესაძლო ახსნის მიხედვით, ნეიტრონული ვარსკვლავი ნელა მოძრაობს და მისი ამჟამინდელი მდებარეობა დაახლოებით იგივეა, სადაც სუპერნოვას აფეთქება მოხდა. ამ შემთხვევაში, ოპტიკურ სარტყელში არსებული მატერია შესაძლოა, ამოტყორცნილიყო სუპერნოვას აფეთქებისას ან დამხობილიყო წინაპარი ვარსკვლავის მიერ რამდენიმე ათასი წლით უფრო ადრე.

მეორე სცენარის გამოწვევა აფეთქების ადგილი ნარჩენების ცენტრიდან კარგად დაშორებით უნდა მდებარეობდეს, როგორც ამას გაფართოებადი რენტგენული გამოსხივება განსაზღვრავს. ეს კი E0102-ის შემოგარენში გარემოებათა მთელ სერიას მოითხოვს. მაგალითად, წინაპარი ვარსკვლავის ქარების მიერ ამოჭმული ღრმული სუპერნოვას აფეთქებამდე; ასევე, სიმკვრივის ცვალებადობა ნარჩენების მიმდებარე ვარსკვლავთშორის გაზსა და მტვერში.

ასტრონომები იმედოვნებენ, რომ ეული ნეიტრონული ვარსკვლავის მიერ გაჩენილ ამ ახალ თავსატეხს შემდგომი დაკვირვებების შედეგად ამოხსნიან.

მომზადებულია chandra.harvard.edu-ს მიხედვით