მას შემდეგ, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა „გაიამ“ ირმის ნახტომის ამ დროისათვის ყველაზე ზუსტი სამგანზომილებიანი რუკის შექმნა დაიწყო, ძალიან ბევრი რამ გავიგეთ ჩვენი გალაქტიკის სასტიკი წარსულის შესახებ.
არსებობის 13,6 მილიარდი წლის განმავლობაში, ირმის ნახტომი მრავალ სხვა გალაქტიკას შეეჯახა და ბევრი მათგანიც გადასანსლა. მათ შორის უდიდესი იყო ჯუჯა გალაქტიკა, სახელად გაია-ენცელადი (იგივე გაია სოსისი), რომელიც ჩვენმა გალაქტიკამ 10 მილიარდი წლის წინ შთანთქა და მიიჩნეოდა, რომ მის სტრუქტურას სამუდამოდ დაამჩნია უცნაური წარმონაქმნი, რომელსაც სქელ დისკოს უწოდებენ.
თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, შეიძლება ასე სულაც არ იყო. ასტრონომებმა შეისწავლეს სქელი დისკოს მქონე სხვა გალაქტიკა და განსაზღვრეს, რომ მისი ევოლუცია არ მოიცავდა კატაკლიზმურ ინციდენტს და სპირალური გალაქტიკებისთვის ჩვეული საკმაოდ ნორმალური გზით არის გაზრდილი.
„ჩვენი დაკვირვებები მიუთითებს, რომ ირმის ნახტომის თხელი და სქელი დისკოები გიგანტურ შეჯახებათა შედეგად არ გაჩენილა და წარმოადგენს გალაქტიკის ფორმაციისა და ევოლუციის საკმაოდ ჩვეულებრივ გზას“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომი ნიკოლას სკოტი.
მისივე განცხადებით, ამ შედეგებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ გალაქტიკები, რომლებსაც ირმის ნახტომის მსგავსი განსაკუთრებული სტრუქტურა და მახასიათებლები აქვთ, „ნორმალურებად“ უნდა მივიჩნიოთ.
სქელი და თხელი დისკოების წარმოდგენა საკმაოდ მარტივია, თუ ირმის ნახტომს ბურგერს შევადარებთ. თხელი დისკო, რომლის სისქეც დაახლოებით 400 სინათლის წელია და შეიცავს გაზს, მტვერსა და ვარსკვლავებს, შეიძლება შევადაროთ ბურგერის კატლეტს. ხოლო სქელი დისკო, რომელიც 1000 სინათლის წელიწადზე ივრცობა და მხოლოდ ვარსკვლავებს შეიცავს — ბურგერის პურს.
თხელ დისკოში გვხვდება ახალგაზრდა, ლითონებით მდიდარი ვარსკვლავები, თუმცა, შეიცავს ყველა სხვა ასაკის ვარსკვლავსაც. სქელი დისკო უფრო მეჩხერია და მხოლოდ 10 მილიარდზე მეტი ხნის ვარსკვლავებს შეიცავს.
ასეთი მახასიათებელი მხოლოდ ზოგიერთ სპირალურ გალაქტიკაში შეიმჩნევა და ასტრონომებმა მართლაც არ იციან, როგორ გაჩნდა ისინი; თუმცა, ასტრონომთა ჯგუფმა ჩათვალა, რომ „გაიას“ მონაცემებზე დაყრდნობით, ეს ამბავი გაარკვიეს. ისინი აკვირდებოდნენ ირმის ნახტომის ჰალოში ვარსკვლავთა ჯგუფების მოძრაობას და მათ ქიმიურ შემადგენლობას; დაადგინეს, რომ ისინი გალაქტიკის გარედან არიან მოსული. ამის შემდეგ, მოდელირებამ მიუთითა, რომ გალაქტიკურმა შეჯახებამ, რომელმაც ეს ვარსკვლავები ირმის ნახტომში მოიტანა, ასევე გააცხელა უკვე არსებული თხელი დისკო, თანდათან გაბერა და გაასქელა.
მიუხედავად იმისა, რომ სქელი დისკოს მქონე სხვა სპირალური გალაქტიკებიც გვინახავს, შეუძლებელი იყო იმის თქმა, იყო თუ არა ვარსკვლავთა გადანაწილება ამ სტრუქტურებშიც ისეთივე, როგორც ირმის ნახტომის შემთხვევაში. ავიღოთ სპირალური გალაქტიკა, სახელად UGC 10738, რომელიც ჩვენგან 320 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
ვარსკვლავის ასაკის დადგენა შესაძლებელია მისი ქიმიური შემადგენლობით. ახალგაზრდა ვარსკვლავები უფრო ბევრ ლითონებს შეიცავს, ვიდრე ასაკოვნები, რადგან ეს ელემენტები გალაქტიკაში იქამდე არ არსებობდა, ვიდრე ვარსკვლავთა ერთმა ან ორმა თაობამ ისინი მსუბუქ ელემენტთა სინთეზის გზით არ წარმოქმნა.
ვარსკვლავების ქიმიური შემადგენლობა ასევე შეიძლება გავიგოთ მათი სინათლის სპექტრით — ზოგიერთი ტალღის სიგრძე უფრო კაშკაშა ან ბნელია, რაც იქ არსებულ ელემენტებზეა დამოკიდებული.
შორეულ გალაქტიკებში ინდივიდუალურ ვარსკვლავთა შესწავლა შეუძლებელია; ისინი ძალიან შორს არის და ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიების შესაძლებლობებს სცდება. ერთადერთი რაც შეგვიძლია, არის სხვადასხვა რეგიონიდან მომდინარე სინათლის შესწავლა და იმის გაგება, რა ტიპის ვარსკვლავებია ამ რეგიონებში.
სწორედ ამიტომ არის გალაქტიკა UGC 10738 ბრწყინვალე ლაბორატორია სქელი დისკოს შესასწავლად. მისი კიდეები ჩვენ გვიყურებს და გვთავაზობს თხელი და სქელი დისკოების სტრუქტურების სუფთა, მკაფიო ხედს — უფრო მეტიც, შეგვიძლია განვასხვაოთ ბურგერის „კატლეტი“ და „პური“ და განვაცალკეოთ თითოეული ამ სექციის სინათლე. სწორედ ეს გააკეთა სკოტის ჯგუფმა და ამისათვის ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში განთავსებული მძლავრი, ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT) გამოიყენა.
„ამ ტელესკოპის ერთ-ერთი ინსტრუმენტის, სახელად MUSE-ის წყალობით, სქელი და თხელი დისკოების ვარსკვლავებში შევაფასეთ ლითონთა პროპორციები“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯესი ვან დე სანდი.
მისივე თქმით, იქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ირმის ნახტომში — ძველი ვარსკვლავები სქელ დისკოში, ახალგაზრდები კი თხელში. ამაში დასარწმუნებლად მათ სხვა გალაქტიკებიც გადაამოწმეს, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ ორი გალაქტიკა ერთნაირად განვითარდა.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ირმის ნახტომს სხვა გალაქტიკებთან შეჯახებები არ განუცდია და რა თქმა უნდა, არც იმას, რომ გაია სოსისთან შეჯახება არასოდეს მომხდარა (არსებობს ამის სხვა მრავალი მტკიცებულება). თუმცა, როგორც ჩანს, დისკოს გასქელება გაია სოსისიის გალაქტიკას არ გამოუწვევია.
„მიიჩნეოდა, რომ ირმის ნახტომის თხელი და სქელი დისკოები იშვიათად სასტიკი შეჯახების შედეგად გაჩნდა და შესაბამისად, ასეთი წარმონაქმნები სხვა სპირალურ გალაქტიკებს არ უნდა ჰქონოდათ“, — ამბობს სკოტი.
თუმცა, როგორც იქვე აღნიშნავს, მათმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მოსაზრება სავარაუდოდ მცდარია და ისინი „ბუნებრივად“ წარმოიქმნა, კატასტროფული ჩარევების გარეშე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირმის ნახტომის ტიპის გალაქტიკები ალბათ ძალიან ხშირია. ასევე ნიშნავს იმას, რომ ირმის ნახტომზე მიმდინარე ძალიან დეტალური, ამჟამინდელი დაკვირვებები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ხელსაწყო, რათა უკეთესად შევაფასოთ შორეული გალაქტიკები, რომლებსაც ობიექტურ მიზეზთა გამო, კარგად ვერ ვხედავთ.
მკვლევართა ჯგუფმა აშკარად წარმოაჩინა, რომ შესაძლებელია სხვა გალაქტიკათა ქიმიური გადანაწილების სივრცულად გადაჭრაც; ახლა გეგმავენ, რომ ეს მეთოდი სხვა გალაქტიკებსაც მოარგონ.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.