ირმა ნადირაშვილი - რამდენად არის გარეული დიმიტრი გაბუნია კორუფციულ ან სხვა სახის სქემებში, ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია რამდენად გარეულია კორუფციულ ან სხვა სახის სქემებში, რომლის შედეგად მოხდა მსჯავრდებულთა შეწყალებები, ეს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, მე არ ვიცი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, რომელიც დიმიტრი გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა.
ნადირაშვილი ამბობს, რომ გაბუნიას განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამს.
„ჩემთვის სერიოზულია, რომ მთავარმა პროკურატურამ შედეგი დადოს და გამოძიება იმიტომ არ იყოს, რომ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქვეშ არიან. რაც შეეხება იმას, სანდოა თუ არა წყარო, ვალდებული ვიყავი, ინფორმაცია საჯაროდ გამეცხადებინა. დიმიტრი გაბუნია კორუფციულ ან სხვა სახის სქემებში რამდენად გარეულია, რომლის შედეგად მოხდა შეწყალებები, ეს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, მე არ ვიცი. ვიცი, რომ საქართველოს უზნეო პრეზიდენტი ჰყავს და მასთან გაბუნია მუშაობს. ჩემს წყაროს კანონი იცავს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კანონმდებლობა გააფუჭა. ჩემს წინააღმდეგ ასეთი საქმის წარმოება წარმოუდგენელია, თუ „ქართული ოცნება“ არ გადაწყვეტს, პოლიტიკური დევნა განახორციელოს ჩემზე გაბუნიას ხელით”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების ფარგლებში დღეს გამოიკითხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. როგორც გაბუნიამ განაცხადა, მას შემდეგ რაც დასრულდება მიმდინარე გამოძიება, პირების მიმართ, ვინც მისი სახელი შეწყალების საქმეს დაუკავშირა, სარჩელის შეტანას გეგმავს.
„ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს განცხადებით მიმართა და პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხის გამოძიება მოითხოვა. როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მას საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან აქვს ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს უშუალოდ მასთან გადიან, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.