ირმა ნადირაშვილი - მთელი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რადგან მათ დასვეს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სკამზე
მთელი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რადგან მათ დასვეს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სკამზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ირმა ნადირაშვილის თქმით, ამჟამად ადმინისტრაციის წევრები ცდილობენ მომხდარი „ერთმანეთს გადააბრალონ“.
„არ არის სწორი მორატორიუმის გამოცხადება. კონკრეტულ საქმეზე იყო შეცდომა დაშვებული, უნდა გაირკვეს, რა შეცდომა იყო და ამაზე უნდა მოსთხოვონ ადამიანებს პასუხი. ვხედავთ, რომ ე.წ. პინგ-პონგს თამაშობენ, მაგალითად, გუშინ მოსული იყო დიმიტრი გაბუნია და ხელი გაიშვირა ადმინისტრაციის უფროსისკენ და დეპარტამენტის უფროსისკენ და თქვა, რომ საერთოდ არ მოსწონს რაც ადმინისტრაციაში ხდება, მაგრამ არ გადადგა. თუ არ მომწონს, როგორც იქცევა პრეზიდენტი, მაშინ ვიტყვი, რომ ჩემს სამსახურში ჩემი ადგილი არ არის. აქ ცდილობენ, რომ ერთმანეთს გადააბრალონ, ამბობენ, რომ ეს არ მოსწონთ, ის არ მოსწონთ, მაგრამ ყველა ახალ შეწყალებაზე ახალი სკანდალი ხდება.
მთელი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რადგან მათ დასვეს ზურაბიშვილი ამ სკამზე. ის თავს არ გრძნობს ანგარიშვალდებულად ხალხის მიმართ, ის ანგარიშვალდებულად გრძნობს თავს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შესაბამისად, მთლიანად ბიძინა ივანიშვილზეა ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.