ირმა ნადირაშვილი - დიმიტრი გაბუნიასგან დავინახე მცდელობა, რამენაირად გამოძვრეს შეწყალების საქმიდან
ირმა ნადირაშვილი - დიმიტრი გაბუნიასგან დავინახე მცდელობა, რამენაირად გამოძვრეს შეწყალების საქმიდან

გაუგებარია, რატომ ელოდება დიმიტრი გაბუნია პროკურატურას, გვერდზე ჰყავს პრეზიდენტი და ჰკითხოს, ვისი რეკომენდაციით შეიწყალა ეს ადამიანები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში მისულ დიმიტრი გაბუნიასთან გასაუბრების დროს დაინტერესდა, ჰკითხა თუ არა გაბუნიამ პრეზიდენტს, ვისი რეკომენდაციით გაათავისუფლეს მკვლელობაში ბრალდებულები. ირმა ნადირაშვილის თქმით, გაბუნიამ უპასუხა, რომ პრეზიდენტისთვის ეს კითხვები არ დაუსვამს და ელოდება გამოძიებას.

„გაუგებარია, რატომ ელოდება პროკურატურას, რადგან გვერდზე ჰყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შეუძლია ჰკითხოს, რომ მე მაბრალებენ და ქალბატონო სალომე, იქნებ, თქვათ, ვისი რეკომენდაციით შეიწყალეთ ეს ადამიანები. ეს კითხვები მას არ დაუსვამს და არალოგიკურია, რატომ უნდა ველოდო დიდი ხანი, როცა შემიძლია, პასუხი მივიღო ეგრევე. მეორე, დავინახე მცდელობა და სპეციალურად იყო მობრძანებული, როგორც თავადაც აღნიშნა, რომ რამენაირად გამოძვრეს ამ საქმიდან. ამის მცდელობა დავინახე და ხელის გაშვერა დაიწყო დეპარტამენტისკენ, რომელიც კურირებს ამ საკითხს, მაგრამ ჩემს კითხვაზე ამ დეპარტამენტმა შეიტანა ეს სიები? თქვა, რომ არა. თუ პრეზიდენტს ვერ ელაპარაკება, იქნება დეპარტამენტის თავმჯდომარეს მაინც დაელაპარაკოს და იმასთან მაინც გაარკვიოს“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც დიმიტრი გაბუნია ამაყად აცხადებს, რომ არ მოსწონს, როდესაც პოლიციელის მკვლელს გარეთ უშვებენ, უნდა გადადგეს.

„თუ არ მოსწონს, რაც ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მოსაწონი ეს ნამდვილად არ არის, აქ კი ნუ წარმოგვიდგენს დღეს ნარმანიას, უბრალოდ ადგეს და გადადგეს. ასე იქცევიან წესიერი ადამიანები, მაგრამ საქმიანი წესიერება და რეპუტაცია რომ ჰქონდეს გაბუნიას, დიდი ეჭვი მეპარება. ის დღეს კიდევ თანამდებობაზე რჩება, მაშინ, როცა თურმე საერთოდ არ მოსწონს, რას აკეთებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.