ირმა ინაშვილი - ჩვენს რეზოლუციას მომავალში დაემატებიან „ქართული ოცნების“ ის წარმომადგენლები, რომლებმაც კოაბიტაცია გამოაცხადეს და უღალატეს ქართველ ხალხს
ჩვენს რეზოლუციას მომავალში დაემატებიან „ქართული ოცნების“ ის წარმომადგენლები, რომლებმაც კოაბიტაცია გამოაცხადეს და უღალატეს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდით, ჩვენს ამომრჩეველს დავპირდით, რომ აუცილებლად დავაყენებდით წინა რეჟიმის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების საკითხს. ეს პირობა შევასრულეთ. მეტიც, ამ რეზოლუციის მხარდამჭერი 400 ათასი ხელმოწერა შეგროვდა. რვა თვის განმავლობაში უმრავლესობა მიზანმიმართულად აჭიანურებდა ამ პროექტის კენჭისყრაზე გამოტანას. ჩემი დიდი ძალისხმევით, გუშინ გავიდა კენჭისყრაზე. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ 39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ზავი დადო ბოკერიასა და სააკაშვილის პოლიტიკურ ჯგუფებთან.
ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი მათ კიდევ ერთხელ მოიხსენიებს მთავარ ოპოზიციურ ძალებად და ძალიან წუხს, თითქოს ჩვენ ვაპირებდით ამ პოლიტიკური ჯგუფების ალაგმვას პოლიტიკური ველიდან. მინდა ვუპასუხო ქალბატონ თამარს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებდით და ვაპირებთ და აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები და წარსულში მათი საქმიანობა შეფასებული იყოს და გამოცხადდეს დანაშაულებრივ რეჟიმად, მაგრამ ჩვენს რეზოლუციას მომავალში აუცილებლად დაემატება მესამე პუნქტი – „ქართული ოცნების“ ის წარმომადგენლები, რომლებმაც კოაბიტაცია გამოაცხადეს და უღალატეს ქართველ ხალხს, ისინი ასევე მოხვდებიან მომავალ რეზოლუციაში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის ალაგმვა სწორი არ არის და ამიტომ „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივაზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.