ირმა ჭკადუა - ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, აღიარებს თუ არა ბუსა ჟვანია მისთვის წაყენებულ ბრალს
ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული ბუსა ჟვანიას ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა ჟვანია წაყენებულ ბრალს, ჭკადუამ უპასუხა, რომ ამაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოზიცია ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული.
„ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, აღიარებს თუ არა ბუსა ბრალს. მისი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ვიცით, რომ გამოძიება სხვა მუხლით დაიწყო და შემდგომ კვალიფიკაცია შეიცვალა, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს და ბევრი გარემოება დაუზუსტებელია, მათ შორის, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება და ა.შ.
ბატონ გოგის პატივს ვცემ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ვინმე თავს იძვრენს, სიმართლეს არ შეესაბამება იმიტომ, რომ ბუსაც იმავე საავადმყოფოში იყო. აქედან გამომდინარე, არავინ არსად გარბის. ბუსას დაზიანება მუცლის არეში აქვს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.