ირინა მილორავა - ელექტროენერგიის იმპორტდამოკიდებულება ადგილობრივი გენერაციის ხარჯზე უნდა შემცირდეს
ირინა მილორავა - ელექტროენერგიის იმპორტდამოკიდებულება ადგილობრივი გენერაციის ხარჯზე უნდა შემცირდეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომისიის 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.

მილორავას განცხადებით, სექტორის ერთ-ერთი გამოწვევა არის იმპორტდამოკიდებულების ზრდა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, იმპორტი არის გაზრდილი თითქმის სამჯერ. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის. ეს დამოკიდებულება უნდა შემცირდეს და უნდა შემცირდეს ადგილობრივი გენერაციის ხარჯზე. ადგილობრივი გენერაცია სამწუხაროდ არ ვითარდება, იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება მოხმარება. მოხმარება ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 5 პროცენტით იზრდება, ასეთი ზრდის ტემპი გენერაციის ობიექტებს არ აქვთ. მომდევნო წლებში სექტორისთვის ეს უნდა იყოს მთავარი გამოწვევა”, – განაცხადა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.

მილორავამ კომენტარი გააკეთა საქართველოში „ინტერ რაოს” მიერ ახალი კომპანიის დაფუძნებაზე და აღნიშნა, რომ ამის გამო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ახალი კომპანია იგივე საქმიანობას განახორციელებს, რასაც ახორციელებდა აქამდე, თუმცა ახალი სამართლებრივი სტატუსით. დაქვემდებარებული იქნება ქართულ კანონმდებლობაზე“, – აღნიშნა სემეკ-ის თავმჯდომარემ.