ირინა ფუტკარაძე - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის რეკომენდაციები მაქსიმალურად შეასრულა
ირინა ფუტკარაძე - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის რეკომენდაციები მაქსიმალურად შეასრულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ირინა ფუტკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის რეკომენდაციები მაქსიმალურად შეასრულა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებასა და გენდერულ თანასწორობას ეხებოდა.

როგორც პირველ არხს ფუტკარაძემ განუცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა და სხვადასხვა გადაცემაში მათი ჩართულობა წარმოადგენს.

„სახალხო დამცველის რეკომენდაციაში პირდაპირ იყო საუბარი ინფორმირებულობის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებსა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ეხებოდა. ეროვნული უმცირესობების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მათი ჩართულობა მათთვის მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას არ უნდა განისაზღვრებოდეს, არამედ ისინი აქტიურად ჩართულები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაშიც უნდა იყვნენ. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა და სხვადასხვა გადაცემაში მათი ჩართულობა წარმოადგენს, სახალხო დამცველის რეკომენდაცია სრულად იქნა გაზიარებული“, – აღნიშნავს ფუტკარაძე.

ფუტკარაძის ცნობით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შვიდენოვანი ვებპორტალი შექმნა.

„ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ონლაინ მედია იქნება, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე წლის მარტიდან ჩაეშვება. ეს იქნება ინტერნეტ ტელევიზია, ინტერნეტ რადიო. ეთნიკური უმცირესობებისთვის ათი გადაცემა მომზადდება. ახალი პროექტი შეიქმნა, რომელშიც ჩართული არიან ეთნიკური უმცირესობების, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. „მრავალფეროვანი საქართველოს“ პროექტი შეიქმნა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფრო მეტად აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს არამხოლოდ ინფორმირებულობის დონეზე, არამედ სხვადასხვა საკითხების განხილვაში. ეთნიკურ უმცირესობებს ამის საშუალება სავარაუდოდ მიმდინარე წლის მარტიდან ექნებათ. სახალხო დამცველის რეკომენდაციები მაქსიმალურად შევასრულეთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპლატფორმა მაქსიმალურად დატვირთული იქნება ერთი მხრივ, ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის და მეორე მხრივ, განხილვებში მათი ჩართულობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ფუტკარაძემ.

სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ რეკომენდაციები 2016 წელს გაიცა. ომბუდსმენმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სამი რეკომენდაცია მისცა.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროგრამები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ასევე, გააუმჯობესოს ქართულენოვანი ტელემაყურებლებისთვის ეროვნული უმცირესობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სისტემა მათთვის ამ ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით. ამასთან, გაუზიაროს ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხების მნიშვნელობა და გადაცემის დაგეგმვისას თავიდან აიცილოს სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი კონტესტები“, – ნათქვამია დოკუმენტში.