ირინა ფუტკარაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს პრობლემები აქვს, მაგრამ დღეს მაუწყებელი აღარ არის ის ტელევიზია, რომელიც „რუსთავი 2“-ის დღის წესრიგით მუშაობდა
ირინა ფუტკარაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს პრობლემები აქვს, მაგრამ დღეს მაუწყებელი აღარ არის ის ტელევიზია, რომელიც „რუსთავი 2“-ის დღის წესრიგით მუშაობდა

საზოგადოებრივ მაუწყებელს უამრავი პრობლემა აქვს, ამ პრობლემებს უნდა ებრძოლოს, მაგრამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ არის ის ტელევიზია, რომელიც „რუსთავი 2“-ის დღის წესრიგით მუშაობდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ირინა ფუტკარაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე ირინა ფუტკარაძეს დეპუტატმა სერგო რატიანმა მიმართა კითხვით, „თუ რას უკავშირდება მაუწყებლის მიმართა ნდობის დაბალი ხარისხი“.

როგორც ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, დღეს მაუწყებელი აღარ არის ის ტელევიზია, რაც წლების განმავლობაში იყო.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის ხარისხის ვარდნა, რომელიც დღემდე ვერ წამოვწიეთ, განპირობებული იყო გარკვეული მიზეზებით. ძირითადად ეს იყო სუბიექტური მიზეზები, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო სახელისუფლო ტელევიზია, სადაც არაერთი გადაცემა გაკეთდა, მაგალითად – „7 ნოემბრიდან, 7 ნოემბრამდე“. უამრავი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ტელევიზია, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებდით და ის, რომ „რუსთავი 2“-ის დღის წესრიგით მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს დამთავრდა, აღარ არის. თუმცა, მე გეუბნებით, რომ ბუნებრივია, პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემებს უნდა ვებრძოლოთ. თუ იქნება იგივე დამოკიდებულება, დავიმახსოვრებ და ჩემი პროტესტი იქნება ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.

დეპუტატ სერგო რატიანის კიდევ ერთ კითხვაზე, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებების შემდეგ სამეურვეო საბჭოს შეეზღუდა უფლებამოსილება და მისაღებია თუ არა ეს, ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ სამეურვეო საბჭოს დარჩენილი აქვს უამრავი ბერკეტი, რომელიც გამოყენებაც შეუძლია.

„სამეურვეო საბჭოს გვაქვს დარჩენილი ბერკეტები, უამრავი ბერკეტი, რომელიც შეგვიძლია ძალიან კარგად და საჭიროების შემთხვევაში ავამოქმედოთ. ჩვენ შეგვიძლია უნდობლობის გამოცხადება და ეს ნუ გვავიწყდება. ჩვენ შეგვიძლია ბიუჯეტი არ დავუმტკიცოთ და იცით თქვენ ამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ ვითხოვთ კვარტალურ ანგარიშებს, ჩვენ შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ კვარტალური ანგარიშები. ბევრი ბერკეტი გვაქვს და თუ ვინმეს ჰქონია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებით ვიღაცას გაუუმჯობესდება, რაღაც უფრო მეტი ბერკეტები ეძლევა, რეალურად მე პირობას გაძლევთ, ეს ასე არ იქნება. აქ მენეჯმენტზეა დამოკიდებული, ვინ როგორ აიღებს პასუხისმგებლობას და ვინ როგორ მოირგებს ამ კანონს. ვთვლი, რომ დაგვრჩა ის, რისი გამოყენებაც შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა იმ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ”, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ზვიად რატიანთან დაკავშირებით, ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დაზღვეული, რომ შეცდომები დაუშვას, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. თქვენ ალბათ უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც ზვიად რატიანთან დაკავშირებით გადაცემა გავიდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი დაეთანხმა და გავაკეთეთ საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ტიპის გადაცემა არ უნდა გასულიყო. შეცდომებისგან არ ვართ დაცულები, თუმცა მთავარია, რომ ეს არ იყოს სისტემური, რაც წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა მაუწყებელში და რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა მაუწყებელს – დაკარგა რეიტინგი და ნდობის ხარიხის ნიშნული ნულის დონეზე დაეცა. ეს იყო წინა წლებში და ამას ამოქაჩვა სჭირდება. აქ ყველას თანადგომა გვჭირდება. ჩემი თხოვნაც იქნება, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრის, ნებისმიერი მწვავე, კრიტიკული შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩემს საქმიანობაში გაათმაგებული იყოს ყურადღება ყველას მხრიდან სახალო დამცველი იქნება, თუ პარლამენტის წევრი. ეს იქნება ჩვენთვის კარგი მაგალითი იმისა, რომ ნაკლები შეცდომებით ვიმუშაოთ“,- აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.