IRI-ს გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი
IRI-ს გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი

IRI-ს გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი. კითხვაზე, რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი – 50%; პროდასავლური, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 32%; პრორუსული, მაგრამ ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 7%; მხოლოდ პრორუსული – 2%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 9%.

ასევე, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველო შეურთდეს ევროკავშირს, პასუხები ასეთია: სრულად ვუჭერ მხარს – 75%; ნაწილობრივ ვუჭერ – 14%; ნაწილობრივ არ ვუჭერ – 3%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 5%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 3%.

IRI-ს კითხვაზე, „თუ მხარს უჭერთ ევროკავშირში გაწევრიანებას, კვლავ მხარს დაუჭერთ ამ იდეას, თუ ეს იგულისხმებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას“, პასუხები ასეთია: დიახ, ჩემი მხარდაჭერა უცვლელია – 62%; კვლავ მხარს ვუჭერ, თუმცა გარკვეულწილად ნაკლებად – 15%; ამის გათვალისწინებით, გარკვეულწილად ვეწინააღმდეგები – 8%; ამის გათვალისწინებით, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 6%; არ ვიცი, უარი პასუხზე – 9%.

ამასთან, ორგანიზაციის კითხვაზე, „თუ მხარს უჭერთ ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორ ფიქრობთ, რა არის გაწევრიანებიდან ყველაზე დიდი სარგებელი“, პასუხები შემდეგია: ეკონომიკის გაძლიერება – 45%; უსაფრთხოება – 6%; ქვეყნის განვითარება – 5%; განათლება – 5%; უკეთესი მომავალი – 4%; ვიზალიბერალიზაცია – 4%; სტაბილურობა/მშვიდობა – 3%; სამუშაო ადგილების შექმნა – 3%; თავდაცვა – 2%.

კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, პასუხები ასე გადანაწილდა: პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 34%; საქართველოს არ შეუსრულებია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები – 17%; საგარეო მოსაზრებები საქართველოში – 13%; ევროკავშირის ქვეყნების პოზიციონირება – 11%.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.