ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს „ეკონომიკურ ტერორიზმს“ უწოდებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს „ეკონომიკურ ტერორიზმს“ უწოდებს და სანქციების გაუქმებამდე აშშ-სთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს.
ამის შესახებ ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ტერორიზმის სამიზნეები უდანაშაულო მოქალაქეები არიან, როგორიც ეს პატარა ბიჭია, რომლის გულგატეხილი დედა ვერ ყიდულობს მისთვის ფეხის პროთეზებს მისი ზრდის პარალელურად. ისინი სანქციების ქვეშაა“, – დაწერა „ტვიტერში“ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელშიც ქალი ამბობს, რომ სანქციების გამო თავისი შვილისთვის პროთეზს ვერ ყიდულობს.
„ეს არის დონალდ ტრამპის ეკონომიკური ომი. ომი და მოლაპარაკებები კი, წინაპირობით ან მის გარეშე ერთად წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ჯავად ზარიფმა.
2 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის ირანთან წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებებზე.
შეგახსენებთ, გასული წლის მაისში დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა. თავის მხრივ, ირანმა გასულ თვეს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე უარი თქვა.