ირაკლი ზარქუა - უცხო ქვეყანამ ჯერ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოსამართლეები დააკომპლექტოს და მერე ვიმსჯელოთ „ვეტინგზე“, საქართველო არ არის ექსპერიმენტების ჩასატარებელი ადგილი
ირაკლი ზარქუა - უცხო ქვეყანამ ჯერ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოსამართლეები დააკომპლექტოს და მერე ვიმსჯელოთ „ვეტინგზე“, საქართველო არ არის ექსპერიმენტების ჩასატარებელი ადგილი

„ვეტინგის“ ფორმაცია და სისტემა მიუღებელია, რადგან ეს არის უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა ქვეყნის საქმიანობაში, შენი მოსამართლეების დანიშვნასა და კეთილსინდისიერებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააკომპლექტონ და შეამოწმონ მოსამართლეები.

„ჩვენ ხელისუფლებაში როდესაც მივედით, სასამართლო ხელისუფლება ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო სააკაშვილის რეჟიმის და ჩვენ ვთქვით, რომ, ბიჭებო და გოგონებო, თვითონ გამოერკვიეთ. ჩვენ არ ჩავერევით, როგორ, რანაირად გადახვალთ ახალ პლატფორმაზე, თავისუფლად მიიღებთ გადაწყვეტილებას. ბევრი გაემიჯნა, ბევრი გაიქცა, მიმალვაშია. ვინც დარჩა, დაიწყო კანონის კარნახით მუშაობა. ბუნებრივია, ეს თვითგამორკვევის პროცესი მიმდინარეობს. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რამდენიმე მოსამართლე მაინც ძველი რეჟიმიდან არის შემორჩენილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი დანამატია. გამოდიან ახლა და რას ითხოვენ, თავიანთი კეთილსინდისიერება უნდათ, რომ შეამოწმონ. ჯერ ეს რამდენად მისაღებია, მე პატიოსანი ვარ თუ არა, შეამოწმოს უცხოელმა? ამას ითხოვენ ესენი. არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააკომპლექტონ და შეამოწმონ სასამართლო და მოსამართლეები. ეს შეურაცხყოფაა, სუვერენიტეტში ჩარევაა. რითი არიან ეს მოსამართლენი ცნობილები?  პედოფილიაში ეჭვმიტანილი ჰყავთ გამოშვებული, მეორეს ძალადობაში ბრალდებული ჰყავს გარეთ გირაოთი გაშვებული. ასეთი ადამიანები ჰყავთ გამოშვებული. არ ვიცი, სპეციალურად აკეთებენ, თუ რა.

„ვეტინგის“ ფორმაცია და სისტემა მიუღებელია, რადგან ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა ქვეყნის საქმიანობაში, შენი მოსამართლეების დანიშვნასა და კეთილსინდისიერებაში. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო რეიტინგები, სადაც, მაგალითად, კანონის უზენაესობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ცხრა სახელმწიფოს, ნატო-ს თერთმეტ წევრ ქვეყანას, მათ შორის კორუფციის აღქმის აღქმის მიმართულებით, რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს ვუსწრებთ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის მიმართულებით. ჯერ იქ ჩაატარონ „ვეტინგი“, ჯერ იქ დააკომლექტოს უცხო ქვეყანამ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოსამართლეები და მერე უკვე ვიმსჯელებთ ამაზე. ეს საქართველოა. ეს არ არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ ან ამ ხელმოცარულების ხუშტურებზე იაროს ქვეყანამ. ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ზარქუამ.