ირაკლი ზარქუა - ზოგიერთი ევროპარლამენტარის სახით საზოგადოებამ დაინახა მწვალებელთა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების განცხადება
ირაკლი ზარქუა - ზოგიერთი ევროპარლამენტარის სახით საზოგადოებამ დაინახა მწვალებელთა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების განცხადება

გუშინ კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ ზოგიერთ ევროპარლამენტარს, მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებს, როგორ ცდილობენ, ევროკავშირს, ევროპარლამენტს ღირებულებები დაუკარგონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა და სხვა ევროპარლამენტარები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს.

„გუშინ კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ გარკვეულ ევროპარლამენტარებს, მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებს, როგორ ცდილობენ, ევროკავშირს, ევროპარლამენტს ღირებულებები დაუკარგონ. არის გონივრული ეჭვი, რომ გუშინ მიიღეს ახალი მესიჯი, სავარაუდოდ, დაწერილი იყო, ყველა კითხულობდა, როგორც ადრე. ხომ გაირკვა, წერილსაც უწერენ ლობისტური კომპანიები. კუბილიუსი, ფოტიგა და ა.შ ერთი მეორის მიყოლებით ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენი სამუშაოა, მივიღოთ კანონები, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამის გამო გვკიცხავენ და სანქცირებაზეც იყო საუბარი. გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი. მგონია, ევროპის არჩევნებში ვერც კუბილიუსებს ვნახავთ, ვერც ფოტიგებს და ქალბატონ ვიოლას”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების სახით საზოგადოებამ დაინახა მწვალებელთა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს ყველა ამთავრებდა სიტყვებით: „თავისუფლება პოლიტპატიმარს“.

„ევროპარლამენტარების სახით დავინახეთ მწვალებელთა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს ყველა ამთავრებდა სიტყვებით: „თავისუფლება პოლიტპატიმარს“. ვინ არის პოლიტპატიმარი, სააკაშვილი? აბა, ვკლავდით და ვწამლავდით? ჩვენ გპასუხობდით, რომ კონკრეტულ დანაშაულზე იხდის სასჯელს, იკვებოს და კარგად გახდება – აღმოვჩნდით თუ არა მართლები? თქვენ გახსოვთ, გვამუნათებდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთო, ეს ხალხია ისინი. ისევ დაწერენ რეზოლუციას, შეიკრიბებიან და მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას, პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას და ეს თქვენ მიგაჩნიათ მეგობრად? არა, და არასდროს იქნებიან ამ ღირებულებების ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები“, – განაცხადა დეპუტატმა.

ირაკლი ზარქუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიბაროს ლიეტუვის ელჩი და პასუხი მოსთხოვოს შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელიც ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ქართველი სამართალდამცველის მისამართით გააკეთა.

„ეტყობა, დაწერილი ვერ წაიკითხა, სახელიც შეეშალა, მაგრამ ხომ მივხვდით, რაზეა საუბარი?! პოლიცია – ჩვენი სახელმწიფოა, ეს არის თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოზე. საზოგადოებას, მინდა, ვუთხრა, ევროპარლამენტი მხოლოდ „ნაცების“ ლობისტებით არ არის დაკომპლექტებული. ჩვენ ვნახეთ, ქალბატონი კლერი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რატომ აკეთებთ ამასო, რატომ ერევით უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, მიეცით საქართველოს საშუალება, თვითონ იყოს სახელმწიფო და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რაც სწორია. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქალბატონს გაბედული, ხმამაღალი, ობიექტური განცხადებებისთვის. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, რომ ევროპარლამენტში არიან ღირსეული პოლიტიკოსებიც, რომლებმაც იციან, რა არის სუვერენიტეტი, დამოუკიდებელი ქვეყანა, მისი უფლებები. არავინ არავის სანქციებს არ დაუწესებს, ენას ძვალი არ ააქვსო – ამაზეა ნათქვამი. კუბილიუსი და სხვები რას იტყვიან, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა, უმრავლესობის თითოეული წევრი, ვიცავთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ამის გამო თუ ვინმე დამასანქცირებს, პირადად მე მზად ვარ. მირჩევნია, ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, იცოდეს თითოეული თეთრი რაში იხარჯება, რომ თანხა კულტურის, რწმენის, რელიგიის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუ ესაა სამართლიანობა, მე, პირადად, მზად ვარ, და ყველა დანარჩენი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.