ირაკლი შავაძემ ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დატოვა
ირაკლი შავაძემ ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დატოვა

დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შავაძემ, შეხვედრა დატოვა. მისი თქმით, ეს არ არის პროტესტი და აუდიენციის დატოვების მიზეზი ის არის, რომ საბჭოს უკვე მიაწოდა ინფორმაცია, რისთვისაც მოვიდა.

ირაკლი შავაძის შეფასებით, დღეს მისი მთავრი მიზანი მიღწეულია, სხდომა იყო ღია და ყველას ჰქონდა საშუალება, მისი პოზიცია მოესმინა.

ირაკლი შავაძეს დღე საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა სურვილი, უვადო მოსამართლედ გამწესებლად მასთან ჩატარებული გასაუბრების ამსახველი ოქმის გასაჯაროებულიყო, რაზეც ირაკლი შავაძემ უარი განაცხადა. მისი თქმით, ამის საბაბს ვერ ხედავს.

„მე ვისაუბრე, კითხვებზეც გარკვეულწილად ვუპასუხე. იმიტომ კი არ ვიყავი ჩემი გასაუბრების ოქმის გამოქვეყნების წინააღმდეგი რომ მეშინია. როცა მათი საძმაკაცო შედის, წინასწარ შეიძლება კითხვებსაც ეუბნებიან, მაგრამ რად მინდა სხდომის ოქმის გამოქვეყნება, როცა ვერავინ ვერ უარყოფს, რომ მე ვარ კვალიფიციური, მე ვარ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, ამის მეტი სხვა კრიტერიუმი არ არსებობს.

თუ მე კვალიფიციური ვარ და კეთილსინდისიერი, მაშინ ზედმეტი რაღაცების გარკვევაში რატომ უნდა შევიდე. მე ვიცოდი წინასწარ, ვიდრე ჩემთან გასაუბრება მოხდებოდა, რა შედეგი მექნებოდა უვადოდ გამწესების კენჭისყრაზე, ეგ ვიცოდი. მე ვამბობ, რომ ჩემი აზრით, არის დანაშაულის ნიშნები და ეს უნდა გაარკვიოს შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ. რაც შეეხება მათ რამდენად სწორად მიიღეს გადაწყვეტილება, აქ არ შეიძლება შეკითხვა არსებობდეს, იმიტომ რომ ამბობენ, არსებობს ორი კრიტერიუმი, როდესაც მოსამართლეს ვამოწმებთ. ახლა რაღა ოქმის გამოქვეყნებას ითხოვენ რა შუაშია ოქმი“, – განაცხადა ირაკლი შავაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ საუბრობდა ამ დრომდე იმ დაპირისპირების შესახებ, რაც მასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს შორის არის, ირაკლი შავაძე ამბობს, რომ მან ამ პრობლემაზე სასამართლო სისტემაში არაერთხელ ისაუბრა.

„მე ვუფრთხილდებოდი სასამართლოს რეპუტაციას, ვიცი რომ მართალი ვარ. დარწმუნებული ვარ, ამით მაინც ჩრდილი ადგება სასამართლოს რეპუტაციას, ამ მიზეზების გამო არ ვსაუბრობდი მანამდე, სანამ მათ არ ჩაატარეს ეს კენჭისყრა. ამ ფაქტების შესახებ ვისაუბრე ჯერ კიდევ 2017 წელს. თავს შევიკავებ კონკრეტული ადამიანების ჩამოთვლისგან. მისაუბრია როგორც სისტემის შიგნით, ვესაუბრე საბჭოს მოსამართლე წევრსაც, ვესაუბრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც“, – განაცხადა ირაკლი შავაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ირაკლი შავაძესა და დავით მამისეიშვილს მოუსმინეს.