კახა კოჟორიძე - მოსამართლე საუბრობს დანაშაულზე, ამიტომ მხოლოდ იუსტიციის საბჭოს ფარგლებში მსჯელობა არასაკმარისია
კახა კოჟორიძე - მოსამართლე საუბრობს დანაშაულზე, ამიტომ მხოლოდ იუსტიციის საბჭოს ფარგლებში მსჯელობა არასაკმარისია

მოქმედი მოსამართლე საუბრობს ისეთ დარღვევებზე, რომლებიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამიტომ ამ საკითხის მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში განხილვა საკმარისი არ არის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლე ირაკლი შავაძეს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.

„სასამართლოში გავლენების მოხდენის მცდელობები რომ არსებობს, ამაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ გუშინ და ბოლო პერიოდში გვქონდა შემთხვევა, როდესაც ამ გავლენებზე მოქმედი მოსამართლე საუბრობდა და თან საუბრობდა ძალიან მძიმე ფაქტებზე, ამიტომ იყო ეს შემთხვევა განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევი.

გასაგებია, რომ საბჭო მსჯელობს, მაგრამ საბჭო არ არის საგამოძიებო ორგანო. საბჭო იმსჯელებს დისციპლინური გადაცდომების ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ საბჭოს მსჯელობა არ არის აქ საკმარისი, რადგან მოქმედი მოსამართლე საუბრობს ისეთ დარღვევებზე, რომელიც თავის არსში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სისხლის სამართლის პრინციპებს ანუ დანაშაულზე საუბრობს და დანაშაულის გამოძიებას ვერ აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ამ ტიპის დარღვევებზე დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს და მივმართავდით, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რა რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოები იმ მძიმე დარღვევებზე, რაზეც მოსამართლე საუბრობს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ირაკლი შავაძესა და დავით მამისეიშვილს მოუსმინეს.