გიორგი მიქაუტაძე - ირაკლი შავაძემ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და შეხვედრა დროზე ადრე დატოვა
გიორგი მიქაუტაძე - ირაკლი შავაძემ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და შეხვედრა დროზე ადრე დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსამართლე ირაკლი შავაძემ საბჭოს სხდომაზე იმ ფაქტების შესახებ ისაუბრა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი წლის წინ ხდებოდა. მიქაუტაძის განმარტებით, შავაძემ ეს ფაქტები მხოლოდ მოსამართლედ უვადოდ დანიშნვაზე უარის მიღების შემდეგ გაასაჯაროვა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებდა,  არასათანადო კომუნიკაციის შემთხვევაში, ინფორმაცია საბჭოსთვის მიეწოდებინა.

„იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა შესთავაზა ირაკლი შავაძეს, რომ საჯარო გაეხადა გასაუბრების პროცესი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უვადოდ გადანიშვნაზე უარის თქმის შემდეგ, გააჟღერა ის ფაქტები, რომლებიც როგორც ბატონი ირაკლი მიუთითებს, ორი წლის წინ ხდებოდა ბათუმის სასმართლოში და ასევე ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი იმ შეკითხვაზე, რატომ არ გახდა საბჭოსთვის მანამდე ეს ფაქტები ცნობილი, მაშინ როდესაც სპეციალური კანონმდებლობა არსებობს, როდესაც მოსამართლის მიმართ არასათანადო კომუნიკაციას აქვს ადგილი, მოსამართლე ვალდებულია, ამის შესახებ განაცხადოს და საქმის კურსში იყოს იუსტიციის უმაღლესის საბჭო“, – განაცხადა გიორგი მქაუტაძემ.

რაც შეეხება იმას, რა ნაბიჯებს გადადგამს საბჭოს იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო მას შემდეგ მიიღებს, რაც დამატებით დეტალებს გაარკვევს.

„დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შევხვდით ირაკლი შავაძეს და დავით მამისეიშვილს იმისთვის, რომ პირველწყაროდან მიგვეღო ინფორმაცია. მხარეებმა ისაუბრეს იმაზე, რაზეც მათ სურდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ბატონმა ირაკლი შავაძე, კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და დატოვა შეხვედრა დროზე ადრე. რაც შეეხება დავით მამისეიშვილს, მან უპასუხა საბჭოს წევრების შეკითხვებს. საბჭო აუცილებლად შეაფასებს იმ ინფორმაციას, რომელიც მიიღო ამ გასაუბრების პროცესში, ასევე თუ საჭირო იქნება, შეაგროვებს მტკიცებულებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

წინასწარ მიჭირს საკითხის შეფასება, თუმცა იყო რამდენიმე ისეთი საკითხი გაჟღერებული, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აუცილებლად უნდა გადაამოწმოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ვინაიდან ბატონ შავაძეს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ზეპირი კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან და ამიტომ საჭიროა, საბჭომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია“, – განაცხადა საბჭოს მდივანმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ირაკლი შავაძესა და დავით მამისეიშვილს მოუსმინეს.