ირაკლი სესიაშვილი - ვთხოვ ყველას, თუ ვინმეს პოლიტიკური განცხადების გაკეთება სურს, გაიხადოს სამხედრო მუნდირი და ისე გააკეთოს განცხადება
ვთხოვ ყველას, თუ ვინმეს პოლიტიკური განცხადების გაკეთება სურს, გაიხადოს სამხედრო მუნდირი და ისე გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს კანონი არ უკრძალავს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას.
„არსებობს გარკვეული პრინციპები და ამას ჰქვია სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობის პრინციპები, რაც მეტნაკლებად ყველას გააზრებული უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში სამხედროებს. საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ მათ შორის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც სურთ, რომ პოლიტიკაში თავი გამოიჩინონ, ეკრძალებათ სამხედრო ფორმით ასეთი განცხადებების გაკეთება. ეს ეფუძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს, რომ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დღეს ქვეყანას ემსახურება, ჰქონდეს განცდა, რომ მას თუ ყავს მეთაური პოლიტიკური განცხადებებით, რაიმე არაკანონიერს არ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, ვინ ვის მხარეზეა, ვთხოვ ყველას, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური განცხადების გაკეთება სურს, გაიხადოს სამხედრო მუნდირი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.