ირაკლი სესიაშვილი - ვერავინ ვერასდროს გამიბედავს მითხრას, რომ ოდესმე, რაიმე უკანონო შემოსავალი მქონია
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებას ეხება.
როგორც სესიაშვილი „ფეისბუქში“ წერს, აღნიშნული სიუჟეტი სიცრუეა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ, „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც მორიგ სიცრუეს და ბინძურ პიარ კამპანიას ემსახურება ჩემს და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ. იმდენად შევეჩვიე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩემზე თავდასხმას, რომ არც კი ვაპირებდი პასუხის გაცემას, თუმცა თავს ანგარიშვალდებულად ვთვლი ჩვენი საზოგადოების წინაშე და სწორედ ამიტომ მინდა, გაჩვენოთ, როგორ იტყუება „რუსთავი 2“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობას ჩემი დეკლარაცია არ აჩვენეს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი თანხვედრაშია. ეს მათ არ აწყობდათ, მარტივი მიზეზის გამო, ვეღარ მოიტყუებოდნენ. ამ სიუჟეტში კი ნამდვილად იყო ბევრი ტყუილი! პირველი – იქ, სადაც ახლა მე ვცხოვრობ (ქოშიგორაზე), მშენებლობა დავიწყე 2009 წელს და დავასრულე 2012-ში, მათ შორის ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაო.
შესაბამისად, ტყუილია, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში ნათქვამი ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი დეპუტატმა სესიაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის, ანუ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გაიხსენოთ „მაესტროს“ გადაცემა „ღია კარის დღე“ და მარტივად დარწმუნდებით, რომ ეს სახლი უკვე აშენებული მქონდა.
ტყუილი მეორე – „რუსთავი 2“-მა მეორე სახლის მშენებლობას ამავე ტერიტორიაზე, უკვე მიუძღვნა ერთი გადაცემა, სადაც ჩემს მიერ ახსნილი და დეკლარაციაშიც დასაბუთებული იყო, რომ გავყიდე ჩემი კუთვნილი ბინა თბილისის ცენტრში და შესაბამისად, ამ სახსრებით დავიწყე მეორე სახლის მშენებლობა, რომელიც წლებია მიმდინარეობს და ამ დრომდე დაუსრულებელია. ყველა გაწეული ხარჯი ამ შემთხვევაშიც, სრულ თანხვედრაშია დეკლარაციასთან. ეს ფაქტებიც შეგნებულად არ ითქვა ამ სიუჟეტში, რადგან ამ სცენარის ავტორები ვეღარ შეძლებდნენ იმ ეჭვის გამყარებას, თითქოს რაიმე სახის უკანონო შემოსავლით მაქვს აშენებული საკუთარი საცხოვრებელი სახლი.
ბევრი რომ არ მოგაწყინოთ, ვფიქრობ, ყველა ვხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკური აფერისტობა, წინასაარჩევნოდ დადგმული იაფფასიანი შოუ და მტკიცებულებების გარეშე თავდასხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე!
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კარგად იციან, რომ ვიდგები ყოველთვის იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი და არ მივცემ საშუალებას მოძალადეებს, ქვეყნის ხელისუფლებას დაუბრუნდნენ.
სწორედ ამიტომ, ჩვეული ხერხებით ცდილობენ, დააზიანონ ის ადამიანები, ვის მიმართაც არის ნდობა. ჩემი მთავარი სათქმელი მათთვის, ვინც ასე ცდილობს ეჭვის ქვეშ დააყენოს ჩემი რეპუტაცია არის შემდეგი – ვერავინ ვერასდროს გამიბედავს მითხრას, რომ ოდესმე, რაიმე უკანონო შემოსავალი მქონია. რასაც მიმიღწევია, ეს მხოლოდ ჩემი შრომით და წესიერებით ხდებოდა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ!
ამიტომ, ამ ტალახის სროლასაც გადავიტან, რადგან ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის!“, – წერს ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში.