ირაკლი სესიაშვილი - საჭიროა, ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახური შეიქმნას
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წინადადებით გამოდის, საქართველოში ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახური შეიქმნას.
როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას სესიაშვილმა განაცხადა, ქვეყნის წარმატების ფორმულა ნაკლები ბიუროკრატიით ძლიერ მმართველობაში, კოორდინაციის მაღალ ხარისხსა და ეფექტური კონტროლის მექანიზმებში მდგომარეობს.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მთავრობა უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი ხედვით მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი, საჭიროა, ეროვნულ დონეზე ეროვნული ანალიტიკური სამსახური შეიქმნას.
„არ გეგონოთ, რაღაც დიდ სტრუქტურას, ან დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს გთავაზობთ. ეს შეიძლება 15-20 კაციანი შემადგენლობა იყოს, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სხვადასხვა სამინისტროს მიერ გაანალიზებული ხედვის გაერთიანება მოახდინოს და ამის საფუძველზე მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ერთიანი ეროვნული შეფასების მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს. მთავრობისთვის არსებული უსაფრთხოების საბჭო რეკომენდატორი სწორედ ამ ნაწილში იყო. ვფიქრობ, ეს ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, თუმცა არა ბიუროკრატიულად, არამედ შინაარსობრივად, რადგან შესაძლებელია, ერთი სამინისტრო თავის პოლიტიკას თავისი მეტ-ნაკლებად სუბიექტური ხედვით აყალიბებდეს და ანალიტიკა მის ინტერესებს ეფუძნებოდეს. საჭიროა, გარკვეული კონტროლის მექანიზმი არსებობდეს. მთავრობასთან ერთად ამ საკითხებზე ვმსჯელობთ და მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით წავალთ, თუ ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახური ჩამოყალიბდება“, – დასძინა სესიაშვილმა.