ირაკლი სესიაშვილი - რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ვართ და მოქალაქეობის მინიჭებისას მეტი ყურადღება გვმართებს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესში სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობა უზრუნველყოს.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭების დროს მეტი ყურადღება მართებს.
„ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ვიმყოფებით, ტერორიზმის საფრთხეები არსებობს და ცოტა მეტი ყურადღება გვმართებს, როდესაც მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ვიხილავთ. ამიტომ, ამ პროცესში რაც უფრო მეტი უწყება იქნება ჩართული და ამა თუ იმ პიროვნების შესაბამისი წარსული და მონაცემები ადეკვატურად გაიფილტრება, ჩვენ უფრო დაცული ვიქნებით. პრეზიდენტს ვურჩევდი, სპექტრი კი არ შეავიწროვოს, არამედ გააფართოვოს და მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და იმ რისკებს, რითაც არ მოხდება ისეთი ადამიანებისთვის მოქალაქეობის მინიჭება, რომელთაც ტერორიზმთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირები აქვთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა 565 პირს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა, რომელთაგან 89 პროცენტი საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო.
მინისტრი ფიქრობს, რომ მსგავსი პოლიტიკა კონსტიტუციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რომ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით იმ პირებს მიენიჭოს, ვისთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინტერესი არსებობს.