სესიაშვილი - კრემლმა იცის, რომ იარაღი, რომელსაც ვყიდულობთ, თავდაცვისუნარინობის გაძლიერებას ემსახურება
სესიაშვილი - კრემლმა იცის, რომ იარაღი, რომელსაც ვყიდულობთ, თავდაცვისუნარინობის გაძლიერებას ემსახურება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინთან“ დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, საქართველო სუვერენული უფლებით სარგებლობს და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე ზრუნავს.

„ტანკსაწინააღმდეგო სისტემა თავდაცვითი საშუალებაა და ასეთი სამხედრო საშუალებები უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ეს კრემლის სტანდარტული პოლიტიკური სპეკულაციაა. კრემლმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანია და იარაღი, რომელსაც ვყიდულობთ, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარინობის გაძლიერებას ემსახურება. მაშინ, როცა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა აქვს, მით უმეტეს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთისგან სტანდარტულ რეაქციას ვხედავთ, რომელსაც საფუძველი არ აქვს და ეს მათი პოლიტიკური სპეკულაციაა“, – დასძინა სესიაშვილმა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, 2008 წლის შემდეგ, ქართული მხარისთვის „ჯაველინის“ გადაცემა აშშ-სა და საქართველოს ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებაა, რამაც შესაძლოა, საქართველოს ახალი და სახიფათო ავანტიურებისკენ უბიძგოს.