რუსეთის საგარეო უწყება - საქართველო ბლოკავს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველო ბლოკავს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას

ჟენევაში მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ „კიდევ ერთხელ დაბლოკა“ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროექტი და მასზე მუშაობის გაგრძელება მორიგი შეხვედრისთვის გადაიდო.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ მოლაპარაკებაზე – რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ მიყიდვა/გადაცემის შესახებ.

„ეს აშშ-ისა და საქართველოს ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებაა 2008 წლის შემდეგ, რამაც შესაძლოა, უბიძგოს საქართველოს ახალი, სახიფათო ავანტიურებისკენ“, – წერია განცხადებაში.

ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, ამ კონტექსტში რუსეთის მხრიდან გაწეულ სამხედრო დახმარებას აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები სრულიად გამართლებულად მიიჩნევენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე.

ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, კომენტარი ასევე გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. დავით დონდუას თქმით, ძალის გამოუყენებლობის თემაზე შეხვედრის მონაწილეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ, რის გამოც მოლაპარაკებები პროგრესული არ იყო.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი, რიგით 43-ე რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება.