ირაკლი პეტრიაშვილი - ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კოდექსში არსებობს, მაგრამ მისი გამოყენება აბსოლუტურად შეუძლებელია
„იმის ნაცვლად, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე ვისაუბრო, საუბარი იმაზე მიწევს, უნდა იღუპებოდნენ თუ არა ადამიანები სამუშაო ადგილებზე, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ გაჩერდეს“, – ასე უპასუხა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ წევრს ვახტანგ მეგრელიშვილს, რომელმაც პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ წარმოებების დაჯარიმებისა და გაჩერების შედეგად, ძალიან ბევრი კომპანია დაიხურება და ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ.
მისივე თქმით, ადამიანი სიცოცხლეს მხოლოდ საიდანღაც გადმოვარდნის შედეგად არ კარგავს და უსაფრთხოების ახალი ნორმების დაწესებით სიკვდილიანობის სტატისტიკის შემცირების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„ბატონი ვახტანგ მეგრელიშვილის იდეოლოგიური მამა, კახა ბენდუქიძე ამბობდა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, 2070 წლისთვის საქართველო შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებს დაუახლოვდესო. ანუ რას გვეუბნებიან – 2070 წლამდე, სანამ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები მაგალითად, გერმანიისას არ გაუტოლდება, დამსაქმებლისთვის ჩაფხუტისა და ქამრის შეძენის დავალება ბიზნესსა და ქვეყანას დააქცევს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შრომის კოდექსს სერიოზული ხარვეზები აქვს. პარლამენტმა ცვლილებების მხოლოდ 70% მიიღო, მაშინ როცა მნიშვნელოვანი სწორედ ის 30% იყო, რათა კოდექსს რეალურად ემუშავა.
„მაგალითად, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კოდექსში არსებობს, მაგრამ მისი გამოყენება აბსოლუტურად შეუძლებელია. იქ, სადაც პროფკავშირები არ არის, ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება რა არის. ახლა შრომის ინსპექციასთან დაკავშირებითაც იგივე იქნება და გაუგებარია, ამხელა პასუხისმგებლობას მთავრობა რატომ იღებს, როცა ყველაფრის გაკონტროლებას თავად ცდილობს?! ეს მას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. დემოკრატიის ხიბლი სწორედ ისაა, რომ საზოგადოების ჩართულობა გაიზარდოს და ძალაუფლება თუ პასუხისმგებლობა გადანაწილდეს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.