ირაკლი პეტრიაშვილი - არ გვინდა, რომ ბიზნესმენებმა თანხა ჯიბიდან გადაიხადონ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ თუ კანონს არ დაიცავენ, გადახდა მოუწევთ
მთავრობა და პარლამენტი აბსოლუტურად დისკრიმინაციულ კანონს იღებენ, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ შრომის ინსპექცია მოქალაქეების ნაწილზე ვრცელდება, დანარჩენებზე კი არა, – განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისი თქმით, ახალი რეგულაციების პირობებში კორუფციის საშიშროება არსებობს.
„თუ ინსპექტირება ერთი უწყების ხელში იქნება, ამ ორგანოს სამმხრივი ადმინისტრირება არ ექნება და ჩართულობა არ გაიზრდება, უწყება როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, იგივე სიტუაცია გვექნება. პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა მხრიდან მათ მიმართ ნდობის საკითხი მაინც დადგება, სწორად შემოწმდა თუ არა ობიექტი, ინსპექტორის მიერ მოტანილი დასკვნა იყო თუ არა გარიგების შედეგი, ეს დასკვნა მან დამსაქმებლის სასარგებლოდ გააკეთა თუ – დასაქმებულთა სასარგებლოდ და ა.შ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესმენების 50 000 ლარით დაჯარიმების მომხრე არ არის, მაგრამ ეს პრევენციული ღონისძიება უნდა იყოს.
„ჯერ ერთი, კანონში ისეთი მექანიზმებია ჩადებული, რომ შრომის ინსპექტორები ბიზნესს ვერ დააჯარიმებენ. მეორეც, ჩვენ არ გვინდა, რომ ბიზნესმენებმა ჯიბიდან თანხა ამოიღონ და გადაიხადონ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ საკანონმდებლო სივრცეს არ დაიცავენ, ჯიბიდან თანხის გადახდა მოუწევთ. არ მესმის, თუ იცი, რომ ამ ჭიქის აქ დადება არ შეიძლება, მაინცდამაინც აქ რატომ უნდა დადო?!“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.