ირაკლი პაპავა - ორმილიონიანმა შემოსავალმა დაუნგრიოს სხვა ტელეკომპანიებს სარეკლამო ბაზარი, აბსურდულად მიმაჩნია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ირაკლი პაპავას განცხადებით, მისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტში ბევრი რამ მისაღებია.
ამის შესახებ პაპავამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან სამეურვეო საბჭოს წევრების შეხვედრის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, აბსურდულია მოსაზრება, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამისგან მიღებული ორმილიონიანი შემოსავალი სხვა ტელევიზიებს დააზარალებს.
„ამ კანონის გარშემო ძალიან დიდი ვნებათაღელვა იყო, რომელშიც ყველა ჩაერთო – არასამთავრობოები, პარლამენტი თავისთავად და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე იქნა განხილული, ახლა ეს უნდა შეჯერდეს ალბათ. ორი მოსმენით კანონი მიღებულია და მე ნაკლებად ვხედავ, რომ ეს შემოტრიალდეს. მე ამბივალენტური დამოკიდებულება მაქვს. ძალიან ბევრი რამე მისაღებია ჩემთვის, მაგალითად უფლებამოსილების გამიჯვნა ბორდსა და მენეჯმენტს შორის. მე მიმაჩნია, რომ აქამდეც იყო გასაკეთებელი. რაც შეეხება რეკლამის დროს, საშიშროებებს, რომელიც არასამთავრობოებმა დაინახეს, ვერ ვხედავ. ორმილიონიანმა შემოსავალმა რომ დაუნგრიოს სხვა ტელეკომპანიებს სარეკლამო ბაზარი, ეს აბსურდულად მიმაჩნია“, – განაცხადა ირაკლი პაპავამ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდება. შეხვედრაზე განსახილველი თემა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტია.
შეხვედრას სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრიდან ექვსი ესწრება.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ამავე თემაზე პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.