პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ხვდება

16:15, 18.12.2017

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაკეთებულა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიმართა კითხვით – „როდესაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი გაქვთ, ამ პირობებში რატომ წარმოადგენს საჭიროებას, დამატებით ამ ცვლილებების გატარება“, რაზეც ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხა:

„ეს არის ძალიან კარგი პროექტი და ხელს შეუწყობს მთელი პრესის განვითარებას. თუ გაინტერესებთ, უპირატეს მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. როდესაც მილიონებზეა საუბარი, განსაკუთრებით თქვენს ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს ვთხოვ, გაიხსენოს ის სახელმწიფოდან ნაპატიები, ბიუჯეტიდან ნაპატიები, რომელიც ერთი ტელევიზიის დაარსებას ეყოფა“, – აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.

 

მსგავსი