ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, უწყების 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები.
საკომიტეტო მოსმენაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საანგარიშო პერიოდში მიმდინარე და დასრულებულ ქეისებზე, კონკურენციის კანონმდებლობის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე, აღსრულების მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებზე. მისივე განმარტებით, 2021 წელს, სააგენტომ დაასრულა ხუთი მოკვლევის საქმე და ერთი ბაზრის მონიტორინგი, სამ კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. ასევე, უწყების მიერ გაცემულ იქნა 14 რეკომენდაცია, მათ შორის – 13 ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაჯანსაღების მიმართულებით.
„2021 წელს, ხუთი მოკვლევიდან სამი საქმე ეხებოდა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტს. ორ მათგანში დარღვევა დადგინდა. მეოთხე ქეისი შეეხებოდა კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედების გამოვლენას, რომლებიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას. საქმისწარმოება მიმდინარეობდა შვიდი კომპანიის მიმართ. ოთხი კომპანიის შემთხვევაში ფაქტი დადასტურდა და შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. მეხუთე ქეისი შეეხებოდა სახელმწიფო უწყების მხრიდან გამოცხადებულ ტენდერში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტს. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაცია.
2021 წელს, გააქტიურდა თანამშრომლობა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან და, შესაბამისად, გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა. ამ ეტაპზე, მიმდინარე რეჟიმში, რჩება 3 საქმის განხილვა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად: სემეკ-თან, კომუნიკაციების კომისიასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად“, – განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე, გაცემულ რეკომენდაციებზე, მიმდინარე პროცესებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების, ბაზრის სტრუქტურის, საკანონმდებლო რეგულირების ანალიზის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანი – მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება იყო. მისივე განმარტებით, შედეგები უკვე სახეზეა და წლის ბოლომდე, აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მეტად ხელშესახები გახდება.
„განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, 2021 წელი, კონცენტრაციების კონტროლის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებდით სამიზნე აუდიტორისთან პრევენციულ/საინფორმაციო ხასიათის დიალოგის ფორმატს. მიღებული მონაცემების მიხედვით, განხილულ იქნა 21 423 კონცენტრაცია. 2 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა, საიდანაც ერთი გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, კომპანია დაჯარიმდა“, – ირაკლი ლექვინაძე.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 2022 წელს, უწყების მთავარი პრიორიტეტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერება, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ეფექტიანი აღსრულება და სამიზნე აუდიტორიასთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ჩამოყალიბება იქნება.