ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში ბიზნესგარემო არის პოზიტიური
ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში ბიზნესგარემო არის პოზიტიური

საქართველოში ბიზნესგარემო არის პოზიტიური – ეს განცხადება ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

ირაკლი ლექვინაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია ცდილობს, თავი აარიდოს გადასახადების გადახდას და საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გაიტანოს.

„განცხადებები, რომლებიც  დღეს ბიზნესთან დაკავშირებით კეთდება, სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს წარმოადგენს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, მომხდარიყო შეთანხმება საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით რესტრუქტურიზაციის კუთხით, რატომღაც აღმოჩნდა, რომ კომპანიის მთავარი მიზანია, გადასახადები არ გადაიხადოს ან ეს თემა გაიტანოს პოლიტიკურ სიბრტყეში, რაც სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ომბუდსმენის თქმით, ხელისუფლების ბიზნესთან კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხებზე აქტიური საუბარი მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ბიზნესისა და ხელისუფლების დღევანდელ ურთიერთობას, მე ვთვლი, რომ ზოგადად ბიზნესგარემო არის პოზიტიური, შეიძლება არსებობდეს რიგი ხარვეზებისა და საკითხებისა, სწორედ ამიტომ არის  მსგავსი ტიპის კომუნიკაცია და აქტიური საუბარი  ძალიან მნიშვნელოვანი” ,-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.