ირაკლი ლექვინაძე - ჰაერის დაბინძურების კუთხით გარკვეული რეგულაციების შემოღებაა საჭირო
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დღეს ქალაქისთვის მთავარი გამოწვევა არის ჰაერის დაბუნძურება, სადაც მთავარი წილი სწორედ სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამ კუთხით გარკვეული რეგულაციების შემიღება არის საჭირო.
ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, თუ ქვეყანაში ხარისხის სტანდარტები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესდება, ეს მოქალაქეებისთვის მისაღები იქნება.
„მთლიანობაში, განსაკუთრებით თბილისში, გარემოს დაცვის საკითხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ გარემოს დაბინძურების ნაწილში ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებია. შეხვედრაზე საუბარი იყო ხარისხის სტანდარტების შემოღებაზე ანუ უფრო მაღალი ხარისხის საწვავის ისეთი ტიპის რეგულაციებზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მაღალი ხარისხის საწვავის შემოტანას. ცხადია, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები უკავშირდება იმ გამოწვევას, რაც ნიშნავს ქვეყანაში და თბილისში გარემოს დაცვის პრობლემატიკაზე შესაბამის რეაგირებას. ზოგადად მიმაჩნია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ისედაც გვევალება გარკვეული ხარისხის რეგლამენტის შემოღება და გარკვეული რეგლამენტი ამ პროცესს ითვალისწინებს. მთლიანობაში, თუ ბევრი მიმართულებით ქვეყანაში გაუმჯობესდება ხარისხის სტანდარტები, რა თქმა უნდა, არა მგონია არსებობდეს ვინმე, ვინც ამ პროცესს შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს”, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ პრემიერის ქვეყანაში არაკონდიციური საწვავის შემოტანის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.