ირაკლი კოვზანაძე - საბანკო და არასაბანკო სექტორის ზედამხედველობაზე სრული პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აკისრია
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 2017 წლის ანგარიშის განხილვისას სებ-ის გასული წლის საქმიანობა მიმოიხილა და შედეგები შეაჯამა.
„ჩვენ ფინანსური სექტორის ზედამხედველობა-რეგულირება დავაბრუნეთ ეროვნულ ბანკში, მივიღეთ კანონი ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემის“ შესახებ, ასევე “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, გამკაცრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და კაპიტალიზაციის კუთხით და ა.შ. ახლა უკვე ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ინსტრუმენტი და, ამავე დროს, აკისრია სრული პასუხისმგებლობა საბანკო და არასაბანკო საფინანსო-საკრედიტო სიტემის საქმიანობის კონტროლის კუთხით“- განაცხადა კოვზანაძემ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საფინანსო სექტორში ლარიზაციის მიმართულებით პროგრესი დაფიქსირდა.
„დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე 5 პროცენტით, ხოლო სესხებზე 8 პროცენტით შემცირდა, რაშიც სხვა ფაქტორებთან ერთად პოზიტიური როლი, საკანონმდებლო ცვლილებებმაც შეასრულა. დადებითი შედეგები მოიტანა ასევე პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებულმა კანონთა პაკეტმა, რომელიც კომერციული ბანკებისთვის არაპროფილურ ბიზნესებში წილის ფლობის აკრძალვას ითვალისწინებდა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარის დაწესებაზე, რომელიც ამ ეტაპზე, 100 პროცენტია და მისი 50 პროცენტამდე შემცირება განიხილება.