ირაკლი კოვზანაძე - მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი ვალების განულება და სამომავლოდ დავალიანების არდაგროვებაა
ირაკლი კოვზანაძე - მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი ვალების განულება და სამომავლოდ დავალიანების არდაგროვებაა

ჭარბვალიანობა, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი მაკროეკონომიკური პრობლემაა. ჭარბვალიანობის ტვირთის გამო, ჩვენი 700 000 თანამოქალაქე წლებია, ამოვარდნილია ეკონომიკური საქმიანობიდან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას.

„პრემიერ-მინისტრის დღეს გაჟღერებული ინიციატივით, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ეს პრობლემა 31დეკემბრამდე მოუგვარდება. 600 000 ადამიანის დავალიანება, რომელიც, ჯამში, 1.5 მილიარდ ლარს აღწევს, განულდება, 600 000 ადამიანია ამოვა მევალეთა სიიდან“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა უპრეცედენტოა როგორც მასშტაბით, ასევე შინაარსით.

„ამასთანავე, მთავრობის ჭარბვალიანობის დაძლევის კომპლექსური სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. აღნიშნული პრობლემის დაძლევის გარეშე კი სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია. რას ვგულისხმობ მე? ორი რამ განვიხილოთ ერთად. პირველი, როგორც ვთქვით, კონკრეტულად, ამ ინიციატივით, 600 000 კაცს გაუნულდება დავალიანება, ანუ ყოველი მეექვსე ჩვენი თანამოქალაქე განთავისუფლდება ფინანსური წნეხისგან. მეორე, მთავრობის და სებ-ის ინიციატივით, შემუშავებულია სესხების გაცემის ახალი წესი, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტსების სისტემა და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ეს წესი ძალაში შესულიყო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. ამ მექანიზმით, ვალების სამომავლოდ დაგროვების ალბათობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, ვალების განულება და მეორე მხრივ, სამომავლოდ ვალების არდაგროვება არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.