ირაკლი კოვზანაძე - დავაკვირდებით ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციების განხორციელების პროცესს
ირაკლი კოვზანაძე - დავაკვირდებით ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციების განხორციელების პროცესს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე პროცესის სხვა მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართება.

მისი თქმით, ამ მიმართულებით რეგულაციების განხორციელება ეროვნული ბანკის ვალდებულებაა.

„ეროვნული ბანკი ვალდებულებას იღებს, რომ მსგავსი მიმართულებით რეგულაცია განახორციელოს. ეს მათი ვალდებულებაა. დავაკვირდებით ამ პროცესს, ვნახავთ როგორი იქნება. თუ საჭირო გახდება, შევხვდებით, როგორც ეროვნულ ბანკს, ისე ამ პროცესის ყველა მონაწილეს და მათთან ერთად გავივლით ყველა თემას, რომელიც რეგულაციების მიხედვით იქნება მოცული“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კოვზანაძე დღეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

„ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს საფინანსო სექტორში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საპენსიო რეფორმა, რომელიც მუშავდება; კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც აინტერესებდათ; ასევე, განსაკუთრებით რეგულაცია, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშავდება. როგორც საბანკო სექტორის, ისე მიკროსაფინანსო და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს მათთვის პრობლემა იქნება“, – განახცადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ის შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილი ყველა საკითხი მათთან ერთად განიხილება და ამ პროცესში მათი ჩართულობა გარანტირებული იქნება.

„კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ.