ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ კობა გვენეტაძეს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით წერილი მიღებული აქვს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე არ გამორიცხავს, რომ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით გარკვეული ელასტიური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კოვზანაძემ არ დააკონკრეტა, რას გულისხმობს ელასტიური გადაწყვეტილებების მიღებაში.
დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კობა გვენეტაძე პარლამენტში ისედაც დაბარებულია, მისი მოსმენის თარიღი კი გაირკვევა.
„კობა გვენეტაძეს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით კომიტეტიდან მიღებული აქვს წერილი. რაც შეეხება რეგულაციებს, ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები იმისთვის შემოიღო, რომ ჭარბვალიანობა შემცირებულიყო, რაც საქართველოს საფინანსო სექტორისთვის პრობლემა იყო. ეს არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ დაკვირვებისთვის ორი თვეა გასული, საჭიროა, მინიმუმ ექვსი თვე იმისთვის, რომ გარკვეული დასკვნები გაკეთდეს. თუ ამ პერიოდის შემდეგ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ საცალო დაკრედიტებაში შემცირებაა და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შემცირებასთან ერთად ბიზნესდაკრედიტება იყოს გაზრდილი, მიღებული იქნება გარკვეული ელასტიური გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით”, – განაცხადა კოვზანაძემ.