ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ელჩების ზეპირი დემარშის გარდა, არსებობს დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რეალურად, მთავარი მოთხოვნა არის სანქციების დაწესება
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ელჩების ზეპირი დემარშის გარდა, არსებობს დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რეალურად, მთავარი მოთხოვნა არის სანქციების დაწესება

რეალურად, მთავარი მოთხოვნა იყო სანქციების დაწესება, რაც ჩვენთვის იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, ეს იყო სიურპრიზი, გაუგებარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩებისა და ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, რეალურად, ამ შეხვედრაზე იყო სანქციების დაწესების მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არა მარტო პარტნიორები, არამედ რადიკალური ოპოზიციაც კი ამბობდა უკვე, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, იმდენად მკაფიო გახდა საზოგადოებისთვის, რატომ არის არასწორი, არამარტო არასწორი, რადიკალურად არასწორი სანქციების დაწესება, რომ რადიკალური ოპოზიციაც კი იკავებდა თავს ამ მოთხოვნისგან. ანუ, ისინი ამბობდნენ, რომ არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, მე პირადად დამიდასტურეს ეს სხდომათა დარბაზში. ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა, ევროკავშირის ელჩებს მოეთხოვათ საქართველოსგან სანქციების დაწესება. მე კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რას გამოიწვევდა სანქციების დაწესება: პირველი, ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, ესკალაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, მეორე ფრონტის კუთხით, ეს იქნებოდა სერიოზული რისკების შემცველი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ეკონომიკას, განვმარტე დღეს უკვე სხდომათა დარბაზში, რას გამოიწვევდა ასეთი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკისთვის, როდესაც სხვას უწესებ სანქციას, მიზანი უნდა იყოს სხვისი დასჯა, ანუ სხვას მეტი ზიანი უნდა მიაყენო, ვიდრე საკუთარ თავს. როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, მე მინდა, გითხრათ, რას გამოიწვევდა ეკონომიკური კუთხით სანქციების დაწესება: რუსეთის ფედერაციისთვის ეს იქნებოდა ნულოვანი ზიანის მომტანი. ჩვენი ვაჭრობის წილი რუსეთის საერთო ვაჭრობაში არის 0.3%. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით, აქედან გამომდინარე, რუსულ ეკონომიკას ვერავითარ პრობლემას ვერ შევუქმნიდით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესება კარგ შედეგს არ მოიტანს.

„რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკაზე შესაძლო გავლენას, მათემატიკური სიზუსტით არის დათვლადი და დათვლილი, რომ სანქციების დაწესება გამოიწვევდა ქართული ეკონომიკის 10-დან 18%-მდე შემცირებას. ეს რომ გადავიყვანოთ თანხებში, ქართული ეკონომიკა დაკარგავდა, სულ მცირე, ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს და შეიძლებოდა, დანაკარგი ყოფილიყო ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი, რაც არის კოლოსალური თანხა და ეს ყველაფერი გამოიწვევდა რამდენიმე ასეული ათასი ჩვენი თანამოქალაქის მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვას. ეს გამოიწვევდა კრედიტების ვერდაბრუნებას, ახალი ვალების აღებას და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია, ვკითხოთ საქართველოს მოქალაქეებს, უღირთ თუ არა ასეთ მსხვერპლზე წასვლა, თან იმ პირობებში, როდესაც რუსეთს ვერავითარ, ვერც პოლიტიკურ და ვერც ეკონომიკურ ზიანს ვერ აყენებ ასეთი ნაბიჯით. ე.ი. ორ-ნახევარი მილიარდიდან ოთხ-ნახევარ მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა და კითხვა უნდა დაისვას, ვინმე გვიკომპენსირებდა ამას? შეგახსნეებთ, რომ ჯამური ფინანსური, ასე ვთქვათ, ე.წ. დახმარება, რასაც იღებს საქართველო დასავლეთის მხრიდან არის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი. ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი ხმარდება „ენჯეოებს“, პოლარიზაციის დაფინანსებას, რეალურად არავითარი კომპენსაცია არ ჩანდა ამ ორ-ნახევარი მილიარდის თუ, მით უმეტეს, ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარისთვის. ასეთ პირობებში სანქციების მოთხოვნა არის აბსოლუტურად გაუგებარი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ვერ გააღარიბებს საკუთარ მოსახლეობას.

„საქართველო არის ქვეყანა, სხვათა შორის, გუშინ გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკური მონაცემები, რაც არის დათვლილი მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული მეთოდოლოგიიის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული სიღარიბე, 15%-მდე არის ჩამოსული, განახევრებულია 2012 წლის მონაცემებთან შედარებით სიღარიბის მაჩვენებელ, მაგრამ 15% თავისთავად არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი, ეს ნიშნავს იმას რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე არის ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა. როდესაც ასეთ პირობებში ითხოვ ამ ქვეყნის დასჯას და ჩვენი ეკონომიკის – ორ-ნახევარი მილიარდით, ეს არის არასწორი. მაშინ კომპენსაციაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ასეთ კომპენსაციასაც, ბუნებრივია, არავინ არ გვთავაზობს. მოლდოვის მაგალითიც გვაქვს, მოლდოვაც არ აწესებს სანქციებს, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს არ ითხოვს, ეტყობა, აქ სხვა ინტერესებია. გარდა ე.წ. ზეპირი დემარშისა, არსებობს წერილობითი დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის საუბარი სანქციების დაწესებაზე. წერილობითი დოკუმენტია“, – განაცხადა კობახიძემ.