ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, დისკუსიების შემდეგ მთავრობის საინტერესო მოდელზე შევჯერდებით
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ დისკუსიის შედეგად, მთავრობის ოპტიმალური მოდელი ჩამოყალიბდება. რაც შეეხება უმრავლესობის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობას და ზოგიერთი დეპუტატის განსხვავებულ პოზიციას სამინისტროების გაერთიანების თაობაზე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრთან გამართული სამდღიანი კონსულტაციების შედეგები შეჯერდება და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე იქნება მიღებული.
„უმრავლესობაში არის 116 დეპუტატი და ბუნებრივია, ყველას ერთი აზრი ვერ ექნება, თუმცა ჩვენი ამოცანაა, შევაჯეროთ პოზიციები და ჩამოვყალიბდეთ ერთიან მიდგომაზე მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამოცანა არის ის, რომ ლოგიკური სტრუქტურა ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ რომ მივიღებთ მთავრობის მაქსიმალურად ოპტიმალურ მოდელს “, – განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ პირველ არხთან საუბრისას. მისივე თქმით, რესტრუქტურიზაციის მთავარი მიზანი ის არის, რომ მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად ფუნქციონირება შეძლოს.
„რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დისკუსიები ალბათ გაგრძელდება და ამის საფუძველზე პრემიერ -მინისტრი წარმოადგენს თავის გეგმას. აქ არის საუბარი სამინისტროების რაოდენობის შემცირებაზე. მთავრობას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული ოპტიმალური სტრუქტურა და რაც მთავარია, ის ლოგიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული . ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ შევჯერდებით ძალიან საინტერესო მოდელზე, რომელიც უზრუნველყოფს მოქნილი და ეფექტიანი მთავრობის ფუნქციონირებას“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.