ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში ანალიტიკოსებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს
ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში ანალიტიკოსებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს

ყირიმის ანექსიის 5 წლის თავთან დაკავშირებით თბილისში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე მეზობლების მიმართ კრემლის აგრესიული პოლიტიკა და უცვლელი რიტორიკის შედეგები განიხილეს.

„სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა” უკრაინის საელჩოსთან ერთად ანალიტიკოსები და დიპლომატები შეკრიბა, რომლებმაც ოკუპირებულ ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ვითარება მიმოიხილეს და რუსეთის აგრესიის შესაკავებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც საქართველოში უკრაინის ელჩმა, იჰორ დოლჰოვმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან იგივე რიტორიკა ისმის და მოლაპარაკებებში პროგრესი არ მიღწეულა.

„სამწუხაროდ, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ესაა ოკუპაციისა და ბორდერიზაციის გაგრძელება აფხაზეთსა და ცხინვალში. ასევე ვიხილეთ სამხედრო აგრესია უკრაინულ ფლოტზე ნოემბერში. დღეს 24 უკრაინელი მეზღვაური კვლავ რუსეთის ციხეში რჩება. ჩვენ გვესმის იგივე რიტორიკა კრემლიდან, პროგრესი არც ერთი სახის მოლაპარაკებებში არ მიღწეულა. სირთულეების მიუხედავად, უკრაინაში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ამის მაგალითია საქართველოსთან ორმხრივი ბრუნვაც, რომელიც დღეს იმავე დონეზეა, რაც ომამდე იყო. გვსურს, კოორდინაცია გავაუმჯობესოთ, რომ წინ აღვუდგეთ რუსულ ოკუპაციას”,-აღნიშნა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იჰორ დოლჰოვმა.

მრგვალ მაგიდას ყირიმის თათართა მეჯლისის თავმჯდომარე დაესწრო, სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა , რომ კრემლი მეზობლებთან მიმართებაში ერთი სცენარით მოქმედებს. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კი,  აგრესიის წინააღმდეგ ერთმანეთი უნდა გააძლიერონ.

„სამწუხაროდ, წლიდან წლამდე, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მოსახლეობისთვის ვითარება ადგილზე რთულდება, მაგრამ, რაც შეიცვალა ალბათ,  პოზიტივისკენაა. მიუხედავად დაბრკოლებებისა, კონტაქტები ხალხს შორის გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მნიშვნელოვნად იზრდება, რაც საუბედუროდ, იწვევს რუსულ რეაქციას, რომ კიდევ უფრო მაღალი გახადოს ეს ბარიკადები. ჩვენი პოზიციაა, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ვცადოთ ამ დაბრკოლებების გადალახვა”,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.