საბანკო რეგულაციების თემაზე დისკუსია მიმდინარეობს
საბანკო რეგულაციების თემაზე დისკუსია მიმდინარეობს

თბილისში თემაზე „საბანკო რეგულაციები: ეკონომიკური ეფექტი“ დისკუსია მიმდინარეობს. შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ დაფუძნებული ეკონომიკური დისკუსიების პლატფორმის – ,,KAS EPRC ეკონომიკური არენა” ფარგლებში იმართება.

დისკუსიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საბანკო სექტორის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები განიხილავენ ეფექტებს, რომლებიც საქართველოში საბანკო რეგულაციების ამოქმედებამ გამოიწვია.

საკრედიტო რეგულაციების პირველი ეტაპი საქართველოში ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის გაზაფხულზე აამოქმედა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კი, საკრედიტო რეგულაციების მეორე ტალღა ამოქმედდა. ცვლილებების მოხედვით, სესხების გაცემა იზღუდებოდა მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე. შესაბამისად, ამგვარი სესხების გაცემაზე დაწესდა ზედა ზღვარი. რაც შეეხება მეორე ფაზას, ამ შემთხვევაში განისაზღვრა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები და დაზუსტდა გადახდისუნარიანობის ანალიზის მნიშვნელობა. კონკრეტულად: შეიზღუდა სესხის ყოველთვიური გადასახადი და მიზნობრიობა, განისაზღვრა თვეში მაქსიმუმ რა თანხის გადახდა შეუძლია მომხმარებელს მისი შემოსავლის გათვალისწინებით; შეიცვალა შემოსავლის დადასტურების პროცესი; ბანკებთან ერთად ახალი რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც და ნებისმიერ სესხის გამცემ პირს შეეხო; ასევე შეიცვალა გადახდის ვადები.

დისკუსიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი ოთარ ნადარაია, „ლიბერთი ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ალექსი ხუროშვილი მონაწილეობენ.

შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა თომას შრაპელმა გახსნა.